შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის ივლისში ხელფასის მიმღებთა უდიდესი ნაწილი თვეში ხელფასის სახით 1200-2400 ლარის ფარგლებში იღებს.
ჯამში, აღნიშნული სახელფასო შემოსავლები 320 133 ადამიანს ჰქონდა, ჯამურად დასაბეგრმა თანხამ კი ივლისში 547.7 მილიონ ლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ივლისში 0-დან 100 ლარამდე ხელფასს 11 443 პირი იღებდა. ამ შემთხვევაში სულ ივლისში დასაბეგრი ხელფასები 618 ათას ლარს აჭარბებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ივლისში 90 ათასიდან 100 ათასი ლარის ფარგლებში ხელფასს 45 პირი იღებდა, ჯამურად დასაბეგრი ხელფასები კი 4.2 მილიონ ლარზე მეტი იყო. რაც შეეხება 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის ხელფასს, ქვეყანაში ამ კატეგორიაში სახელფასო შემოსავლებს 351 მოქალაქე იღებდა. ამ შემთხვევაში დასაბეგრმა თამხამ 147.6 მილიონ ლარს გადააჭარბა.