ევროკავშირმა ჩინეთიდან ბიოდიზელის იმპორტზე დროებითი ანტიდემპინგური გადასახადები შემოიღო.
როგორც 14 აგვისტოს დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა გადასახადები, მწარმოებლების მიხედვით, 12,8%-დან 36,4%-მდე მერყეობს და ექვსი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ ბიოსაწვავის ევროპელი მწარმოებლების საჩივრების საფუძველზე ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.
ევროპის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის ფედერაციამ (Transport & Environment, T&E) მხარი დაუჭირა ჩინურ ბიოდიზელზე ანტიდემპინგური გადასახადების შემოღებას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია ევროპული ბაზრის დასაცავად. თუმცა, ექსპერტები შეშფოთებულნი არიან, რომ ეს ზომები არ გადაჭრის პალმის ზეთის უკანონო გამოყენების პრობლემას, რომელიც შესაძლოა შენიღბული იყოს ბიოდიზელში.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, ევროპის ბიოსაწვავის ბაზარი შეივსო ჩინეთიდან UCO-ს (Use Cooking Oil Biofuel) იმპორტით, რამაც საბაზრო ფასის ტონაზე დაახლოებით 2250 ევროდან 1100 ევრომდე შემცირება გამოიწვია“, - აღნიშნავენ ფედერაციაში.
ორგანიზაცია ითხოვს მეტ კონტროლს ნედლეულის წარმოშობაზე და გამჭვირვალობას მიწოდების ჯაჭვებში, რათა თავიდან იქნას აცილებული რეგულაციებისთვის გვერდის ავლა. ფედერაციის წარმომადგენელი თვლის, რომ „ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს შეუმოწმებელი იმპორტირებული მეორადი ზეთების პოპულარიზაცია და გადავიდეს ინდუსტრიის მასშტაბური ინსპექტირების სისტემიდან უფრო მკაცრ რეგულაციაზე“.
ევროკავშირი ამჟამად UCO-ს 80%-ზე მეტს სხვა ქვენებიდან ყიდულობს. იმპორტის 60% ჩინეთიდან მოდის.