პარლამენტში გიორგი ქადაგიძის მოსმენა ისევ გადაიდო

პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოსმენა ისევ გადაიდო.

როგორც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საკითხის გადადება თავად გიორგი ქადაგიძემ ითხოვა.  "ბანკის პრეზიდენტის მოადგილეს ვესაუბრე გუშინ და მოითხოვეს ანგარიშის გადადება. თვითონ ქადაგიძეს სურს საკითხის გამოტანა, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება. ჩვენ გაგვიჭიანურდა ეს საკითხი ჯერ კვორუმის გამო, როცა უმცირესობამ პროტესტის ნიშნად რეგისტრაცია არ გაიარა და შემდეგ ბანკის წარმომადგენელმა გვთხოვა საკითხის გადადება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის განცხადებას ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, კვორუმის პრობლემა მხოლოდ უმცირესობის პროტესტით არ იყო გამოწვეული და სხდომას უმრავლესობაც არ ესწრებოდა. მაჭავარიანის ამ განცხადების შემდეგ უსუფაშვილსა და უმცირესობის წევრ მიხეილ მაჭავარიანს შორის შეკამათება მოხდა. პარლამენტის თავმჯდომარემ მაჭავარიანისთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.