„ახლა ყველაზე აქტიურად უძრავი ქონება ბათუმში იყიდება, სადაც რუსები ახალაშენებულ ბინებს იძენენ“

„ყველაზე აქტიურად ახლა უძრავი ქონება იყიდება ბათუმში, სადაც რუსების მხრიდან დიდი მოთხოვნაა ახალაშენებულ ბინებზე. თბილისში კი რუსებისგან ყველაზე მეტი მოთხოვნა არის ძირითადად სამ უბანზე - ვაკე, საბურთალო, ძველი თბილისი. ძველ თბილისში ადრე საკმაო მოთხოვნა იყო ევროპული ქვეყნების მოქალაქეებისგანაც, თუმცა ბოლო პერიოდში მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია“,- ამის შესახებ უძრავი ქონების კომპანია realtor.ge-ს გენერალურმა მენეჯერმა ანა თაკვარმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები უკვე იმდენად გაერკვნენ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარში, რომ თავისი კომპანიები შექმნეს და ქართველების დახმარება დიდად აღარ სჭირდებათ.

„ჩვენს კომპანიას უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსებთან თანამშრომლობის პირობად ჰქონდა მანიფესტზე ხელმოწერა, რომლითაც ისინი აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გმობდნენ ომს და გარკვეული ოდენობის საკომისიოს რიცხავდნენ უკრაინის დასახმარებლად. ამის გამო, 10-დან 9 რუსი თავს იკავებდა ჩვენთან თანამშრომლობისგან და მხოლოდ ერთეულები სარგებლობდნენ ჩვენი მომსახურებით.

ყოველ მე-4 გაქირავებულ ბინაში დღეს თბილისში რუსი ცხოვრობს. ახლა უკვე იმდენად არიან გაძლიერებული, რომ უკვე თავისი კომპანიები აქვთ და ერთმანეთს თვითონ ემსახურებიან. შესაბამისად, ქართველების დახმარება დიდად აღარ სჭირდებათ“, - აღნიშნა ანა თაკვარმა.

რაც შეეხება უძრავი ქონების ფასებს, მისი განმარტებით, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, კლების ტენდენციაა მოსალოდნელი.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საცხოვრებელი ბინების ფასები მკვეთრად იყო გაზრდილი. ქირა დაახლოებით 40%-ით ძვირი იყო და ყიდვა 30%-ით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ფასები გაორმაგებული იყო.

ახლა ფასები ნელ-ნელა უბრუნდება ძველ ნიშნულს. დაახლოებით 6 თვის პერიოდში ველოდებით კლების ტენდენციას, რადგან ბაზარზე გასაქირავებელი და გასაყიდი ბინები მეტია, ვიდრე მოთხოვნაა. ამის გარდა, გარე ფაქტორები და შიდა პოლიტიკური პროცესებიც თამაშობს თავის როლს, შესაბამისად, ფასები მიდის კლებისკენ“,- განაცხადა ანა თაკვარმა.

ნათია ზარიძე