„ამერიკელი მილენიალების თაობა, წინა თაობებთან შედარებით 25%-ით უფრო მდიდარია“ – WSJ ახალი კვლევის შედეგებზე

,,მილენიალები შეერთებულ შტატებში, 2024 წლის დასაწყისისთვის, 25%-ით უფრო მდიდრები იყვნენ, ვიდრე X-ისა და Baby Boomers-ის წარმომადგენლები თავიანთ ასაკში,“- წერს The Wall Street Journal, სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის (FRB) მონაცემებზე დაყრდნობით.

გაზეთი ამას უძრავ ქონებაზე ფასების, საპენსიო შენატანების ზრდას და ინვესტიციების მიმართ ინტერესს უკავშირებს.

გარდა ამისა, ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ მილენიალებს აქვთ ისეთი თვისებები, რომლებიც ხელს უწყობს გრძელვადიან მატერიალურ კეთილდღეობას. ამავდროულად, როგორც WSJ წერს, ამ თაობას ახასიათებს ძლიერი შფოთვა მომავლის მიმართ.

1980-იან წლებში დაბადებული მილენიალების თაობის წარმომადგენლების ოჯახების სიმდიდრე საშუალოდ - 2019 წელს 60 000 აშშ დოლარიდან, 2022 წელს 130 000 დოლარამდე გაიზარდა.

1990-იან წლებში დაბადებული ამერიკელების, მათ შორის 1996 წელს დაბადებული თაობის ყველაზე ახალგაზრდა წევრების საშუალო სიმდიდრე 2024 წლის პირველ კვარტალში კი ოთხჯერ გაიზარდა და 41 000 აშშ დოლარს მიაღწია.

სტატისტიკის მიხედვით, ამ წლის პირველ კვარტალში მილენიალების და უფროსი თაობის ერთობლივი სიმდიდრე 14.2 ტრილიონი დოლარი იყო, როდესაც ოთხი წლის წინ ეს მაჩვენებელი 4.5 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

საერთო ჯამში, მილენიალები შეადგენენ ამერიკული ოჯახის სიმდიდრის დაახლოებით 9%-ს.

როგორც გამოცემა წერს, სტატისტიკაზე გავლენა მოახდინა აქციების და ურთიერთდახმარების ფონდების მიმართ ინტერესის ზრდამ ამ თაობაში. ეკონომისტები ასევე აღნიშნავენ, რომ მილენიალებს აქვთ მეტი კოლეჯის დიპლომი და არ ჰყავთ ბევრი შვილი.

“მილენიალები ითვალისწინებენ გამოცდილებას COVID-19 პანდემიის გარშემო არსებული გაურკვევლობის შესახებ. გარდა ამისა, ახსოვთ 2007-2009 წლების რეცესია, რომელმაც გავლენა მოახდინა მათ მშობლებზე და ოჯახურ მდგომარეობაზე“, -წერს გაზეთი.

გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ მილენიელებს შორის სიმდიდრის უთანასწორობა, ძველი თაობის უთანასწორობასთან შედარებით, გაიზარდა.

თეონა რამაზაშვილი