„თბილისი ყველაზე ძვირადღირებული ბაზარია“ - როგორ შეიცვალა ხაჭაპურის მომზადების ფასი?

მიმდინარე წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალება ღირებულება 2.9%-ით შემცირდა. ISET-ის კვლევის თანახმად, ივლისში ხაჭაპურის მომზადება 5.78 ლარი ჯდებოდა, წინა თვეს კი ფასი 6 ლარი იყო.

კვლევის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით, ხაჭაპურის ინგრედიენტების ნაწილზე ფასები ზომიერად გაიზარდა: ფქვილი (+2.7%), რძე (+1.6%) და კარაქი (+0.7%). ნაწილზე კი შემცირდა: ყველი (-6.4%), კვერცხი (-4.3%), საფუარი (-1.9%).

„მიუხედავად იმისა, რომ ხაჭაპურის ინდექსი წლიურ ჭრილში მცირედით შეიცვალა, მნიშვნელოვანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა კარაქზე (+18.9%), რძეზე (+18%), საფუარსა (+13.9%) და ფქვილზე (+4.8%)“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთანავე, ISET-ის ცნობით, ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასი ყველაზე ძვირი თბილისში იყო.

„ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასის გათვალისწინებით, თბილისი ამჟამად ყველაზე ძვირადღირებული ბაზარია, სადაც ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 6.34 ლარს შეადგენს, რაც 9.6%-ით აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.

ამის საპირისპიროდ, ყველაზე ხელმისაწვდომი ლოკაცია ქუთაისია, სადაც ერთი ხაჭაპური 5.47 ლარი ღირს. ყველაზე ძვირ (თბილისი) და ყველაზე იაფ (ქუთაისი) ქალაქებს შორის 0.87 ლარის სხვაობა შეიძლება ტურისტული სეზონით აიხნას.

თბილისი ტურისტებისთვის პოპულარული ადგილია ზაფხულში, რაც ზრდის ფასებს, ხოლო იმერეთი (ქუთაისი) საქართველოს უმსხვილესი რძის მწარმოებელი რეგიონია, რაც იწვევს ფასების ვარდნას რძის წარმოების სეზონზე“, - ვკითხულობთ ISET-ის კვლევაში.

მერი ტაბატაძე