რა ღირს ხის სახლების მშენებლობა? - „სააგარაკო ტერიტორიებზეა მოთხოვნა“

ყველაზე მოთხოვნადი ამჟამად ბაზარზე 60 კვ.მ ფართობის მქონე ხის სახლებია, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია Kohi-ს დირექტორმა, მალხაზ უგრეხელიძემ განაცხადა.

როგორც უგრეხელიძემ აღნიშნა, ამ ტიპის პროექტებში 2 საძინებელი, მისაღები, სამზარეულო, სველი წერტილები და აივანი ეწყობა.

„ყველაზე დიდი მოთხოვნა არის 60 კვ.მ. სახლებზე, ეს არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ამჟამად. ინდივიდუალური შეკვეთა თუ არის, ხშირად 200 კვ.მ-საც აჭარბებს ფართობი“, - აღნიშნავს Kohi-ს დირექტორი.

უგრეხელიძის თქმით, მოთხოვნა ძირითადად თბილისის მიმდებარე სააგარაკო ტერიტორიებზეა. რეგიონების კუთხით კი ხის სახლების მშენებლობას უმეტესად დასავლეთ საქართველოში ახორციელებენ.

„თბილისის შემოგარენი მაინც ლიდერობს, სააგარაკო ტერიტორიებზეა მოთხოვნა, ეს შესაძლოა, იყოს ტაბახმელა, საგურამო, კიკეთი და ა.შ. უფრო მეტად დასავლეთ საქართველოშია მოთხოვნა რეგიონებიდან. რეგიონებიდან გამოვყოფდი აჭარას, რაჭასა და გურიას“, - განაცხადა მალხაზ უგრეხელიძემ.

რაც შეეხება ღირებულებას, 1 კვ.მ-ის ფასი 500-600 დოლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, კომპანია ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. Kohi აშენებს როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე, კოტეჯებს, სასტუმროებს, სააგარაკე ობიექტებსა და სხვა დანიშნულების კერძო და კომერციული დანიშნულების კაპიტალურ შენობებს.

მერი ტაბატაძე