ივანიშვილის კრიმინალური ბანდა დასავლეთს ლანძღავს და მეორე მხრივ, საფრანგეთის სახელმწიფოსთან კონკრეტულ პროექტზე ხელშეკრულებას აფორმებს, რომელიც რეგიონებში უნდა განხორციელდეს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ივანიშვილისთვის და მისი მთავრობისთვის მთავარი ამოცანაა ფულის შოვნა და არა ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება, მათ შორის რეგიონებში.
„თუ რამე არის გაუმჭვირვალე, სწორედ ის პროექტებია, რომლებიც კონკრეტულ მოქალაქეებს უნდა ემსახურებოდეს, უნდა აგვარებდეს წყლის, გზის პრობლემას, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული პროექტები არ ხორციელდება, არის დროში ჩამორჩენები და ამით მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ბანდა სარგებლობს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.