სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12.566 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3.532 მლრდ დოლარს შეადგენს (შემცირდა 1.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9.034 მლრდ დოლარს (გაიზარდა 2.9 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-ივლისში, 5.502 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8 პროცენტია.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (587.5 მლნ დოლარი), ყაზახეთი (446.5 მლნ დოლარი) და რუსეთი (407.2 მლნ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.519.7 მლრდ დოლარი), რუსეთი (1.020 მლრდ აშშ დოლარი) და აშშ (991.2 მლნ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1.809 მლრდ დოლარი), რუსეთი (1.427 მლრდ დოლარი) და აშშ (1.078 მლრდ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.192 მლრდ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 201.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 174.4 მლნ. აშშ დოლარით (4.9 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1.608 მლრდ დოლარი და მთელი იმპორტის 17.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 769.7 მლნ დოლარით (იმპორტის 8.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 370.1 მლნ დოლარით (იმპორტის 4.1 პროცენტი).