ქართული პროდუქტის ექსპორტი 7.2%-ით შემცირდა - რა გავყიდეთ ყველაზე დიდი რაოდენობით

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3.532 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც1.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 44.9 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 7.2 პროცენტით შემცირდა და 1.586 მლრდ დოლარს გაუტოლდა.

2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (325.8 მლნ დოლარი), თურქეთი (258.9 მლნ დოლარი) დ აჩინეთი (156.9 მლნ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 201.1 მლნ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 173.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 117.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4 პროცენტი).

მეოთხე ადგილზეა მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - 96.847 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.1 პროცენტი), ხოლო ხუთეულს ხურავს წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 74.884 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 4.7 პროცენტი).