„სექტემბრიდან, დიდი ალბათობით სხვა სურათი იქნება უძრავი ქონების ბაზარზე“ - ამის შესახებ "ნოუბლ რიალ ისთეითის" თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განცხადა. მისივე თქმით, ამჟამად დასვენების პერიოდია, ამიტომ უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ფონის შეფასებისას ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია.
„ბაზარზე არსებული საერთო ფონი რომ შევაფასოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტორიც, რომ იწყება შვებულებების პერიოდი და არის საზაფხულო სეზონი, მოქალაქეები ტოვებენ ძირითად ქალაქებს და გადიან დასასვენებლად. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ფასების ნაწილი მეტწილად არის გაზრდილი, წინა პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება მოთოვნას, მოთხოვნა არის ჩვენი ქვეყნის მოაქალაქეებისგან და შემდეგ აზიის ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ინტერსდებიან არა საცხოვრებელი უძრავი ქონებით, არამედ კომერციული ფართებით, საოფისე სივრცეები აინტერესებთ ძირითადად“, - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.
მისი თქმით, სექტემბრიდან უძრავი ქონების ბაზარზე სხვა სურათს უნდა ველოდოთ.
„სექტემბრიდან, დიდი ალბათობით, სხვა სურათი იქნება უძრავი ქონების ბაზარზე. დაკვირვებამ აჩვენა, რომ სექტემბრიდან, როდესაც დასვენების პერიოდი სრულდება, უძრავი ქონების ბაზარი აქტიურდება. წელს ამას ემატება ისიც, რომ საარჩევნო წელია, რაც ასევე გავლენას ახდენს მოთხოვნაზე. ბევრი განმაპირობებელი ფაქტორია და შესაბამისად, ძალიან კომპლექსური თემაა, რომელზეც კონკრეტული ერთი პროგნოზის გაკეთება რთულია.
რაც შეეხება ფასებს, დეველოპერული კომპანიები ბინების გაძვირებას აანონსებენ, შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა, იყოს ფასების კლების ტენდენცია, არარეალურია. მოლოდინი იმისი უფრო არის, რომ ბინებზე ფასები მოიმატებს“, - განუცხადა ვაჟა მებაღიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“.