დავით მჟავანაძე - კურორტი ბახმარო კორუფციის ჭაობში ჩატოვეს და ამის უკან „რუსულ კანონზე“ ხელის მომწერი ვასილ ჩიგოგიძე დგას

კურორტი ბახმარო კორუფციის ჭაობში ჩატოვეს და ამის უკან „რუსულ კანონზე“ ხელის მომწერი ვასილ ჩიგოგიძე დგას, რომელიც ბახმაროში მიმდინარე ყველა უკანონობას მფარველობს. კორუფციაში ჩართულია ჩოხატაურის მერიაც და მერის მოადგილე თამთა სააკაშვილი, რომელიც სახელმწიფო ქონებას დღეში 200 ლარად აქირავებს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ განაცხადა.

დავით მჟავანაძის ინფორმაციით, ჩოხატაურის მერის თანაშემწე, თამთა სააკაშვილი სწორედ ის პირია, რომელიც ბახმაროში უკანონოდ აშენებულ სახლს კოლოსალურ ფასად აქირავებს.

მისივე შეფასებით, მმართველი პარტიის დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე მის გარემოცვას დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში ხელს უწყობს.

„ჩვენ ვიმყოფებით კურორტ ბახმაროში, გურიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილზე, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს, ხელისუფლებამ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და საკუთარი დანაშაულის გამოსასწორებლად მსჯელობა უნდა დაიწყოს და ადამიანებს წარსულში უკანონოდ აშენებული სახლები უნდა დაუმტკიცოს. ამაზე უნდა დაიწყოს მსჯელობა, შემდგომში რომ იგივე ფაქტი არ მოხდეს და ბახმაროში მიწების ლეგალიზება კანონის ფარგლებში დაიწყოს.

ეს ადგილი ჩატოვეს კორუფციის ჭაობში. ამ ყველაფრის უკან „რუსულ კანონზე“ [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] ხელის მომწერი ვასილ ჩიგოგიძე დგას. ეს არის ის ადამიანი, რომელიც ბახმაროში მიმდინარე ყველა უკანონობას მფარველობს. მერიის თანამშრომლები და ჩიგოგიძის ბიუროს ხელმძღვანელები, უკანონო მშენებლობას ხელმძღვანელობენ. მათ შავ ბაზარზე გასხვისებული აქვთ ეს ქონება და აქირავებენ, მაშინ როდესაც ადამიანებს ლუკმა პურისთვის უწევთ ბრძოლა. მერის მოადგილე თამთა სააკაშვილი სახელმწიფო ქონებას დღეში 200 ლარად აქირავებს, ასევე, სოფო ჯინჭარაძეც. ეს ადამიანები ამ ყველაფერს ჩიგოგიძისა და დავით შარაშიძის მფარველობით აკეთებენ და ამ ყველაფერს არც მალავენ. პოლონურ საიტს იყენებენ, იმისათვის, რომ უკანონოდ ივაჭრონ. ყველანაირი უკანონობის და უმსგავსობის უკან დგას ჩიგოგიძე. მას ჰგონია, რომ მინი ოლიგარქია და ყველაფრის უფლება აქვს. ის მის გარემოცვას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში ხელს უწყობს“, - განაცხადა დავით მჟავანაძემ.