ჩინეთში კვლავ კონტეინერების დეფიციტია - „გაზრდილია ფასები, ძალიან ბევრმა ვერ გაუძლო და გაჩერდა“

ჩინეთში კვლავ კონტეინერების დეფიციტია, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანია „სოფმარის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ ალანიამ განაცხადა.

დეფიციტის ფონზე გაზრდილია კონტეინერების ფასი, თუმცა ფიქსირდება კლების ტენდენცია. კერძოდ, ალანიას თქმით, ამ ეტაპზე 40-ფუნტიანი კონტეინერის ფასი 6250 დოლარამდეა, ხოლო 20-ფუნტიანის ღირებულება 5000 დოლარს აღწევს.

„ჩინეთში კონტეინერების დეფიციტი ისევ არის. ჩინეთიდან გადაზიდვის ოფიციალური პერიოდი არის 65 დღე, მაგრამ ემატება 2 კვირა, იმიტომ, რომ სტამბულის ნავსადგური ძალიან აგვიანებს და აყოვნებს ტვირთებს, არ ვიცი რატომ, მაგრამ ჯამში გამოდის თითქმის 80 დღე. დაახლოებით, 40-ფუნტიანის ფასი არის დღეს 6000-6250 დოლარი, ხოლო 20-იანის არის 4800-5000 დოლარამდე, მაგრამ ტენდენცია არის ვარდნის“, - აღნიშნა „სოფმარის“ დამფუძნებელმა.

წითელი ზღვის კრიზისის გამო, გაზრდილია ტრანსპორტირების დრო. ალანიას თქმით, აღნიშნულმა წინა პერიოდში ფასების ზრდასთან ერთად ბრუნვის შემცირება გამოიწვია. „სოფმარის“ დამფუძნებელის თქმით, ფასების შემცირება თუ კვლავაც გაგრძელდა, შესაძლოა, ტვირთბრუნვა გაიზარდოს.

„შემცირდა კონტეინერების ბრუნვა დაახლოებით 30-40%-მდე. რადგანაც ფასი მოდის ქვევით და გაიაფების ტენდენციაა, ვფიქრობ, რომ ტვირთბრუნვის კლება არ იქნება. შესაძლოა, მომავალ პერიოდებში მოიმატოს, რადგან ბიზნესისთვის ძალიან მძიმეა, როცა 3000-4000 დოლარიდან 8000-მდეც კი ავიდა ფასი. ეს დიდი გარღვევა იყო, ძალიან ბევრმა ვერ გაუძლო ამ ფასებს და გაჩერდა. ახლა ისევ ამოძრავდებიან, რადგან ფასი მოდის ქვემოთ და ვფიქრობ, ბრუნვა გაიზრდება“, - განაცხადა ვახტანგ ალანიამ.

ცნობისთვის, ჩინეთიდან ყველა სახის ტრანსპორტით საკონტეინერო იმპორტი მკვეთრად გაძვირდა, რადგან წითელ ზღვაში არსებულ კონფლიქტის გამო ცარიელი კონტეინერების მწვავე დეფიციტი გაჩნდა. უფრო კონკრეტულად, კეთილი იმედის კონცხის შემოვლით რეისების ხანგრძლივობის ზრდა კონტეინერების უფრო დიდ რაოდენობას მოითხოვს, რამაც ჩინეთში კონტეინერების მარაგის შემცირება გამოიწვია.

მერი ტაბატაძე