ჩვენ დაფინანსებას არავის ვუზღუდავთ, შეუძლიათ ვიღაცებს, თუნდაც რევოლუციური სცენარები დააფინანსონ, ჩვენს ქვეყანაში. მთავარია, რომ დაფინანსება გამჭვირვალე იყოს, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს უცხოურ გავლენასთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ შესახებ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამისთვის მიიღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
„არ მინდა, რომელიმე უცხოურ ორგანიზაციაზე ნეგატიური ფორმით ვისაუბრო, თუმცა ვიტყვი, რომ გამჭვირვალობა არის მთავარი. რა თქმა უნდა, ჩვენ დაფინანსებას არავის არ ვუზღუდავთ, შეუძლიათ ვიღაცებს, თუნდაც რევოლუციური სცენარები დააფინანსონ, ჩვენს ქვეყანაში. მთავარია, რომ დაფინანსება გამჭვირვალე იყოს, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს უცხოურ გავლენასთან დაკავშირებით. სწორედ ამისთვის იქნა მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“. გამჭვირვალობას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა და დაფინანსება, ეს სწორი პრაქტიკა არ არის. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმ ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის, ეს არის ჩვენთვის მთავარი და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი „დემოკრატიის ეროვნული ფონდის" (NED) მოქმედებას ეხება. სტატიაში ნათქვამია, რომ NED-მა საქართველოში 21-ე საუკუნის დასაწყისში სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება დააფინანსა, რათა დემონსტრაციები მოეწყოთ.
„2024 წლის მაისში NED-მა გამოუცხადა მხარდაჭერა და წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში „უცხოური აგენტების კანონპროექტის“ წინააღმდეგ“, - ნათქვამია სტატიაში.