რუსულ მაღაზიებში გაყიდული სომხური კონიაკის ათი ნიმუშიდან ცხრაზე დარღვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ TASS-ი ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ასოციაციისა და კონიაკის, ალკოჰოლური სასმელების და ალკოჰოლური პროდუქტების მწარმოებელთა კავშირის ერთობლივ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კვლევისთვის, სომხეთის ათი უმსხვილესი მწარმოებლისგან შეძენილი იქნა კონიაკის 200 ნიმუში. შესყიდვა განხორციელდა რუსეთის მაღაზიებში. ნიმუშები ანალიზისთვის გადაეცა ლუდის, უალკოჰოლო და მეღვინეობის მრეწველობის რუსული კვლევითი ინსტიტუტის დამოუკიდებელ ლაბორატორიას.
შედეგების მიხედვით, დარღვევები გამოვლინდა მათგან 177-ში, ანუ 89%-ში. შესყიდული პროდუქციის თითქმის ნახევარში სპირტი არაყურძნის წარმოშობის იყო. მხოლოდ 23 ნიმუში აღმოჩნდა, რომელთა შემადგებლობა სრულად შეესაბამებოდა რუსეთის კანონმდებლობას.
TASS-ისთვის მიცემულ კომენტარში, ფალსიფიკაციის საწინააღმდეგო აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტინა სკრიპნიკმა აღნიშნა, რომ ექსპერტები მზად იყვნენ გარკვეული რაოდენობის დარღვევების იდენტიფიცირებისთვის, მაგრამ "შედეგები შოკისმომგვრელი იყო". ამასთან დაკავშირებით ასოციაციამ მიმართა გენერალურ პროკურატურას, ფედერალურ საბაჟო სამსახურს და Rosalkogoltabakcontrol-ს სომხეთიდან იმპორტირებულ ალკოჰოლურ პროდუქტებზე დამატებითი კონტროლის გატარების თხოვნით.