ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ქუთაისის აეროპორტის პარკინგს გააფართოებს - ღირებულება 104 ათას ლარს აჭარბებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საპარკინგე სივრცე გაფართოვდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერში ერთპიროვნულად გაიმარჯვა შპს „აბსოლუტ სერვისმა“. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

აეროპორტების გაერთიანებას პროექტის სავარაუდო ღირებულებად 104 237 ლარი ჰქონდა წარმოდგენილი, ტენდერში გამარჯვებულმა „აბსოლუტ სერვისმა“ სამუშაოების შესასრულებლად იგივე თანხა დაასახელა.

სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აეროპორტის პარკინგი უნდა გაფართოვდეს ისე, რომ მინიმუმ 150 ავტომობილის განთავსება იყოს შესაძლებელი. საპროექტო არეალი 30 000 მ2-ს მოიცავს.

„აბსოლუტ სერვისმა“ უნდა უზრუნველყოს პარკინგის გაფართოების პროექტის მომზადება. საპროექტო სამუშაოები მოიცავს გეოლოგიური კვლევების ჩატარებას, ნახაზების შექმნას, სანიაღვრე სისტემის, საგზაო მონიშვნისა და ნიშნების დაპროექტებას, ავტოსადგომების მართვის გადახდის სისტემის პროექტირებას და ა.შ.

რაც შეეხება კომპანიას, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „აბსოლუტ სერვისი“ 2008 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი თედორე კუხიანიძეა. კომპანიის წილების 100%-ს კი სრულად დავით კვარაცხელია ფლობს.

მერი ტაბატაძე