თბილისის ცენტრალური სადგურის ბაქნების გასაახლებლად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ თბილისის ცენტრალური სადგურის N2 და N3 ბაქნების გასაახლებლად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოების შესრულების ინტერესი არც ერთმა კომპანიამ გამოხატა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5 063 760 ლარი იყო.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელს რეკონსტრუქციისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე N3 ბაქნის რეკონსტრუქცია განხორციელდებოდა, ხოლო მისი დასრულების შემდეგ, N2 ბაქნის რეკონსტრუქცია დაიწყებოდა.

ამასთანავე, ორივე ბაქანზე დამონტაჟდებოდა 4 ესკალატორი, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა გარე სივრცეში მონტაჟისთვის. ამასთან, ყველა ბაქანზე გათვალისწინებული იყო ბილიკები მხედველობა შეზღუდული ადამიანებისათვის.

„მეორე და მესამე ბაქანი გარე სივრცესთან მოსახვედრად იყენებს 4 კიბეს. 2 მათგანი მდებარეობს დასავლეთის მხარეს, ხოლო 2 - აღმოსავლეთის მხარეს. ლიანდაგების თავზე გარდამავალი შენობის სვეტებში მოწყობილია 2 ლიფტი, რომლებიც დღეის მდგომარეობით უმოქმედოა, თუმცა, დამკვეთის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ლიფტები ახალი და შემოწმებულია. მათი ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება ბაქნების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ. აღნიშნული ლიფტები გამოყენებული იქნება შშმ პირებისათვის. პირველ ბაქანზე მოსახვედრად სადგურის შენობაში მოთავსებულია მოქმედი ლიფტი“, - აღნიშნული იყო სატენდერო დოკუმენტებში.

შეგახსენებთ, სამგზავრო ბაქნები თბილისის ცენტრალური სადგური ერთად აშენებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში. სატენდერო დოკუმენტების თანახმად, განახლებული ბაქნები ასეთი უნდა ყოფილყო:

baqani-1721817654.jpgbaqani1-1721817655.jpgbaqani2-1721817656.jpgbaqani1-1721817655-1724150948.jpg

მერი ტაბატაძე