„საექსპორტი ფასი 7 დოლარის ფარგლებში მერყეობს“ - რა ფასად იბარებენ თხილს ფერმერებისგან

„ახლა თხილის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აგვისტოს დასაწყისში წვიმიანმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებებით გრძელდება. საწარმოები იბარებენ თხილს, ხდება ხარისხის კონტროლი და ფასებიც ამ ეტაპზე, ასე თუ ისე, მისაღებია ფერმერებისთვის“, - ამის შესახებ თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქარდავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩასაბარებელი ფასი დამოკიდებულია თხილის ხარისხზე.

„თუ თხილი მშრალი და ხარისხიანია, მისი ღირებულება 5 ლარიდან იწყება. აქ საუბარია გაუტეხელ თხილზე. უხარისხოს შემთხვევაში ფასები უფრო დაბალია. სამწუხაროდ, დიდი ნაწილი, რომელიც აქამდე მოდიოდა, იყო მოუვლელი ბაღებიდან, რადგან ფერმერებმა იციან, რომ აქვთ დაბალი ხარისხის თხილი, იშორებენ. შედარებით მაღალი ხარისიხს პროდუქტი, რომელიც შეწამლულია და დაცულია ის პროცედურები, რომელიც საჭიროა მისი ხარისხის მისაღებად, ბაზარზე უფრო იშვიათად შემოდის, რადგან ფერმერი ამ თხილს აშრობს და ელოდება უფრო მაღალ ფასს. შესაბამისად, ველოდებით, რომ აგვისტოს ბოლოდან თხილის ხარისხი გაუმჯობესდება“, - განაცხადა ასოციაციის დირექტორმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ზუსტად დადგენილი არ არის თხილის საექსპორტო ფასი.

„რაც შეეხება საექსპორტო ფასებს, ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა თხილის გულის ფასი ამჟამად 7 დოლარის ფარგლებში მერყეობს“, - აღნიშნა მან.

ლევან ქარდავას თქმით, წელსაც, შარშანდელის მსგავსად, გაუტეხავი თხილის მოსავალი დაახლოებით 40 ათასი ტონა იქნება.

„რაც შეეხება ხარისხის, ამ მხრივაც არ გვაქვს სახარბიელო სიტუაცია, ბევრად უკეთესი მოსავალი შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ აქტიურად მოხდება ფერმერების მხრიდან თხილის მოვლის პროცედურების გავლა, რაც ამ ეტაპზე არ ხდება. ბევრი თხილს ფაქტობრივად, არ უვლის ან აკეთებს იმის 10%-ს, რასაც უნდა აკეთებდეს“, - განაცხადა ქარდავამ.

ასოიაციის დირექტორმა საექსპორტო ბაზრებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული თხილის 80% ევროკავშირის ბაზრებზე გადის.

„ქართული თხილის უმთავრესი მომხმარებელია ევროკავშირი, თუმცა ბოლო პერიოდში ახალი ბაზრებიც ჩნდება - გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი და ყატარი. შედარებით ახალია ჩინეთის ბაზარი, სადაც უმეტესად გაუტეხავი თხილი გადის“, - განაცხადა ლევან ქარდავამ.

ეკა დარჩიაშვილი