ეკონომიკის სამინისტრო:  საქართველოში ინტერნეტ პროექტების შექმნის ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სასწავლო ცენტრ "მზიურს" და კომპანია "ომედიას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ქაშიბაძემ, სასწავლო ცენტრ ,,მზიურის" დირექტორმა გიორგი თოდრიამ და კომპანია ,,ომედიას" დირექტორმა ნოდარ დავითურმა მოაწერეს.

მემორანდუმის საფუძველზე მხარეები ინოვაციების ლაბორატორიას შექმნიან. ლაბორატორიის მიზანია, ადრეულ ეტაპზე მოამზადოს პრაქტიკული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც შეძლებენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებას, ან საკუთარი მაღალტექნოლოგიური ბიზნეს საქმიანობის დაწყებას. ინოვაციების ლაბორატორია წარმოადგენს პროექტს, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში კომპანიისა და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლობას ითვალისწინებს. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მოსწავლეები კი მათი გამოყენებით მუშაობენ ახალი, ინოვაციური პროექტების შექმნასა და განვითარებაზე. ლაბორატორიის პარტნიორი კომპანია კი სასწავლო პროცესებს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ამოცანებით უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში", ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კომპანია "ომედიასთან" თანამშრომლობით შეიქმნება ინოვაციური ლაბორატორია, რომელიც ვებ პროგრამირების, კერძოდ კი დრუპალის მიმართულებით იმუშავებს. ლაბორატორია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მიერ ინოვაციური პროექტების შემუშავებას.

გარდა ამისა, მხარეთა შეთანხმებით ლაბორატორიის ბაზაზე გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, სემინარები, მასტერკლასები, ტრენინგები და ახალგაზრდული კონკურსები, მათ შორის ე.წ. ჰაკათონები. ეს იქნება ინოვაციების რიგით მეხუთე ლაბორატორია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნება.