საქართველოს 441 345-მა მოქალაქემ ელექტრონული პირადობის მოწმობა უფასოდ აიღო

საქართველოს 441 345-მა მოქალაქემ, აქციის ფარგლებში, ელექტრონული პირადობის მოწმობა უფასოდ აიღო. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული უფასო პირადობის მოწმობების აქცია იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანმა შეაფასა. მინისტრის ინფორმაციით, აქცია ყველაზე მასშტაბური იყო სხვა მსგავსი ტიპის აქციებს შორის და საქართველოს 441 345-მა მოქალაქემ აიღო ელექტრონული პირადობის მოწმობა უფასოდ.

მისივე ცნობით, აქციის შედეგად, 9 330-ით შემცირდა რეგისტრაციის არმქონე პირთა რიცხვი, 1 100-ით უსაბუთო პირთა რიცხვი, რომელთაც აქამდე პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გააჩნდათ. მინისტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, განსაკუთრებული აქტივობით აქციის ბოლო დღეები გამოირჩეოდა. სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე აქტიურად ხარაგაულის, ხულოს, ადიგენის, გალის, დუშეთის, ასპინძისა და ამბროლაურის მოსახლეობა გამოეხმაურა აქციას.

"ამ აქციის შედეგად დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1,8 მილიონი სრულწლოვანი მოქალაქის მონაცემი არის დაზუსტებული, რადგან ისინი უკვე ელექტრონულ პირადობას ფლობენ. ასევე დაზუსტებულია 270 000 სრულწლოვანი მოქალაქის მონაცემები, რომლებიც არ ფლობენ ელექტრონული პირადობის მოწმობას, მაგრამ აქვთ ბიომეტრული პასპორტები. ეს კი ნიშნავს, რომ დაახლოებით 2 მილიონზე მეტი პოტენციური ამომრჩევლის მონაცემები მაქსიმალურად ზუსტია, მათ შორის ფოტოსურათებიც, რაც საარჩევნო სიის შედგენისას შარშანდელი წლიდან ძალიან მნიშნველოვანია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება უფასოდ მოქალაქეებს 20 აპრილიდან 20 ივნისამდე შეეძლოთ.