„ადგილზე უფრო მეტს იხდიდნენ, ვიდრე საექსპორტო ბაზრებზე“ - როგორი იქნება წელს კაკლის მოსავალი

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია წელს კაკლის მოსავლის 40-50%-ით ზრდას ელოდება. „ბიზნესპრესნიუსთან“ ასოციაციის დირექტორი, ლევან ქვარიანი აღნიშნავს, რომ წელს ჩანდლერის ჯიშის კაკლის მოსავალი დაახლოებით 3500 ტონამდე იქნება.

ასოციაციაში განმარტეს, რომ საუბარია კაკლის მოსავალზე იმ ბაღებიდან, რომელიც 2016 წლის შემდეგ გაშენდა ქვეყანაში და მსხმოიარობის აქტიურ ფაზაში ახლა შედის. ქვარიანის თქმით, ამ ეტაპზე კაკლის ბაღები 5 000 ჰექტარზეა გაშენებული.

„გასულ წელს დაახლოებით 2 500 ტონა გაუტეხავი ჩანდლერის ჯიშის კაკლის მოსავალი აიღო ინდუსტრიამ. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ზუსტი მონაცემები გვეცოდინება წლის ბოლოს, თუმცა, რასაც ვაკვირდებით ბაღებში სიარულისა და ფერმერებთან კომუნიკაციის დროს, დაახლოებით, ვფიქრობთ, რომ სადღაც 40-50%-ით უნდა გაიზარდოს მოსავალი, დაახლოებით 3 500 ტონამდე კომერციული ჩანდლერის ჯიშის კაკლის მოსავალი უნდა ავიღოთ წელს“, - ამბობს ქვარიანი.

კაკალზე მოთხოვნა ბაზარზე მზარდია. ქვარიანის თქმით, მაღალი მოთხოვნა ქართული სამზარეულოს კულტურით არის განპირობებული.

„მოთხოვნა ყოველთვის მაღალია. შარშანდელი მოსავალი სრულად გაიყიდა ადგილზე, ექსპორტზე გასვლის საჭიროება არ იყო. ვფიქრობთ, წელსაც მოსავლის უმეტესი ნაწილი, ალბათ, 90% ადგილზე გაიყიდება და წელს იქნება პირველი წელი, როდესაც დაიწყებენ მეწარმეები ექსპორტზე ფიქრსა და საექსპორტო ბაზრების მოძიებას. შარშან ექსპორტზე გასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან, იმდენად მიმზიდველი პროდუქტი ჰქონდა ინდუსტრიას, რომ ადგილზე უფრო მეტს იხდიდნენ, ვიდრე საექსპორტო ბაზრებზე არსებული ფასია. გასულ წელს სეზონი რომ დაიწყო, კარგი ხარისხის ნაჭუჭიანი კაკლის ფასი 8-12 ლარის ფარგლებში მერყეობდა“, - აღნიშნა ქვარიანმა.

საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ნაჭუჭგაცლილი კაკლის იმპორტი 94%-ით გაიზარდა. გასულ წელს პირველ შვიდ თვეში ქვეყანაში იმპორტირებულია 3.17 მილიონი დოლარის (986 ტონა) ნიგოზი, ხოლო წელს იმავე პერიოდში 6.15 მილიონი დოლარის (1 643 ტონა) ღირებულების.

ნაჭუჭგაუცლელი კაკლის შემთხვევაში, იმპორტი 7.7%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, წელს შვიდ თვეში იმპორტირებულია 461 ათასი დოლარის 283 ტონა კაკალი, ხოლო შარშან იმავე პერიოდში 428 ათასი დოლარის 206 ტონა.

რაც შეეხება ქართული კაკლის ექსპორტს, წელს იანვარ-ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ნაჭუჭიანი პროდუქტის ექსპორტი 4.2-ჯერ გაიზარდა. წელს თუ ექსპორტირებულია 92 140 დოლარის 23 ტონაზე მეტია ნაჭუჭიანი კაკალი, შარშან იმავე პერიოდში ექსპორტზე გავიდა 21 980 დოლარის 8.25 ტონა კაკალი.

უნაჭუჭო კაკლის ექსპორტი კი საანგარიშო პერიოდში 1.9-ჯერ გაიზარდა. შარშან შვიდ თვეში ექსპორტირებულია 191 ათასი დოლარის 29.7 ტონა კაკალი, ხოლო წელს 358 ათასი დოლარის 45.7 ტონა.

მერი ტაბატაძე