„პალიტრა L-ის“ ახალი აპლიკაცია: წიგნების სამყარო შენს ტელეფონში

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ მულტიფუნქციური აპლიკაცია შექმნა. ახალი პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდ, ისე iOS სისტემაზე და მომხმარებლებს საინტერესო სერვისებს სთავაზობს.

როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, განვითარების ახალ ეტაპზე გადაწყდა, შეექმნათ მობილური აპლიკაცია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის გაამარტივებდა როგორც წიგნის შერჩევა/შეძენის, ისე კითხვის პროცესს.

მომხმარებლებს აპლიკაციაში დახვდებათ წიგნის შეძენის ველი, ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა და ასევე აუდიო წიგნები. ეს გახლავთ უნიკალური მულტიფუნქციური შეთავაზება ქართულ ბაზარზე, რომელიც წიგნს კიდევ უფრო ფართოდ ხელმისაწვდომს გახდის. მისი საშუალებით, მკითხველებს საყვარელი გამოცემების ელექტრონული თუ აუდიო ვერსია მუდმივად თან ექნებათ და მათ წაკითხვასა თუ მოსმენას ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილზე შეძლებენ.

„პალიტრა L“ აპლიკაციის პირველ მომხმარებლებს საჩუქრებსა და სიურპრიზებსაც სთავაზობს. აპლიკაციის გადმოწერა და რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია, პირველ 100 რეგისტრირებულ მომხმარებელს კი ბალანსზე 10 ლარი დაერიცხება, რომელსაც წიგნების შესაძენად გამოიყენებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაში გაერთიანებული აუდიოწიგნები პირველ სექტემბრამდე ნებისმიერი მომხმარებლისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ეტაპობრივად კი აპლიკაციას ახალი ფუნქციონალი დაემატება, რაც მას უფრო მრავალფეროვანსა და მომხმარებელზე მორგებულს გახდის.

საინტერესოა, რომ აპლიკაციაში გენერირებული ბიბლიოთეკა კატეგორიების მიხედვითაა დაყოფილი, რაც მომხმარებლისთვის სასურველი წიგნის მოძებნის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. მათ შორის კი არის საბავშვო და მოზარდებისთვის შექმნილი ლიტერატურაც.

გამომცემლობა „პალიტრა L“ 2005 წელს დაარსდა და ძალიან მალე დაიმკვიდრა საქართველოს საგამომცემლო სფეროში წამყვანი პოზიცია. ამ წლების განმავლობაში გამომცემლობამ არაერთი საეტაპო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა. მან საშუალება მისცა ქართველ მკითხველს, გაეცნო თანამედროვე მსოფლიო მნიშვნელობის ავტორები, გაეახლებინა მოძველებული საოჯახო ბიბლიოთეკა ახალი, მაღალპოლიგრაფიული გამოცემებით, თვალი მიედევნებინა მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე ტენდენციებისთვის და მხარი დაეჭირა თანამედროვე ქართველი ავტორებისთვის.

R