შიდა ტურების ფასები რამდენიმე ათეული ლარით არის გაზრდილი - რა იწვევს ფასების მატებას

„შიდა ტურების ფასები, ისევე როგორც ბევრი მომსახურების ღირებულება, წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველ რიგში, გაძვირებულია საწვავი და საკვები პროდუქტები, რაც პირდაპირ აისახება ყველაფერზე“, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია „ჯეო მეგზურის“ ხელმძღვანელმა ლევან ენუქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაძვირებულია განთავსების ობიექტებში დარჩენაც, რაც ასევე ტურების ფასების ზრდას იწვევს.

„ასევე გაზრდილია სასტუმროების და კოტეჯების ფასები, სადაც ტურების დროს ვრჩებით. გასულ წელთან შედარებით, მაგალითად ერთდღიანი ტურების ფასი მინიმუმ 10 ლარით არის გაზრდილი და შემდეგ უკვე მიმართულების და დროის მიხედვით 30-40 ლარითაა მომატებული ტურების ფასები“, - აღნიშნა ლევან ენუქიძემ.

ნათია ზარიძე