2023 წლის მონაცემებით, გზებზე სიკვდილიანობა ყოველ 100 000 მოსახლეზე საქართველოში საშუალოდ 11.8-ს შეადგენს, რაც ორნახევარჯერ აღემატება ევროკავშირის ყველა ქვეყნის სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელს. შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა და ტრავმატიზმი დიდ ტვირთად აწვება ქვეყნის ეკონომიკას და ჯანდაცვის სისტემას.
გასულ წელს საქართველოში 5594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 442 და დაშავდა 7310 ადამიანი. 2019 წელთან შედარებით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა 8.1%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 7.7%-ით.
მართალია, 2019 წელთან მიმართებით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება როგორც გარდაცვლილთა, ისე დაშავებულთა მაჩვენებლებში, აღნიშნული კლების დინამიკა სტაბილური არაა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის მონაცემები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან და შემცირებული მობილობიდან გამომდინარე, ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის კუთხით არასრულ სურათს იძლევა.
რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილ და დაშავებულ პირთა რაოდენობას ასაკობრივ ჭრილში, 2022-2023 წლებში დაღუპულთა და დაშვებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა 26-დან 60 წლამდე ასაკის პირებზე მოდის (26-40 და 41-60ასაკობრივი ჯგუფები).
ამასთან, 2023 წლის მონაცემებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა 31%-ს (90ადამიანი) და დაშავებულთა 25%-ს (1627 ადამიანი) ქვეითად მოსიარულეები შეადგენენ. შედარებისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში ქვეითები საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა მთლიანი რაოდენობის 18%-ს შეადგენენ.
2023 წლის მონაცემების მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდოდ მიზეზად ყველაზე ხშირად სახელდება: