მთავრობამ ორ კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიანიჭა, ერთს კი გაუუქმა - რას საქმიანობენ

ორ კომპანიას, „მაროს ფერმასა“ და „რაჭის მესაქონლეობას“, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „მაროს ფერმა“ მიმდინარე წლის თებერვალში დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი მარიკა ლალიაშვილია, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა (საქართველო/რუსეთი) აქვს.

მთავრობის განკარგულების თანახმად, „მაროს ფერმა“ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარეობს. კომპანია რძის ნაწარმს - ხაჭო, კარაქი, არაჟანი, მაწონი, ნადუღი, ხორცის კონსერვი - აწარმოებს.

რაც შეეხება მეორე კომპანიას, შპს „რაჭის მესაქონლეობა“ რეგისტრირებულია 2021 წლის ნოემბერში. დირექტორი თათია არაბიძეა, ხოლო წილებს სრულად შპს „ბლაუენშტაინ საქართველო“ განკარგავს. თავის მხრივ „ბლაუენშტაინ საქართველო“ 2007 წელს არის რეგიატრირებული, კომპანიას ირაკლი კერვალიშვილი ფლობს.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „რაჭის მესაქონლეობა“ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შარდომეთში მდებარეობს. კომპანია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებასა და ხორცის რეალიზაციას ეწევა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობის განკარგულებით მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი ერთ კომპანიას, შპს „ალვაზი-2020“-ს ჩამოერთვა. კომპანია სამეწარმეო რეესტრში 2020 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიას ორი დირექტორი ჰყავს: ნინო გონაძე და ევტიხი ბედენაშვილი. რაც შეეხება წილებს, სრულად ნინო გონაძე განკარგავს.

იხილეთ ასევე: მაღალმთიან დასახლებებში 538 საწარმოა რეგისტრირებული - რას საქმიანობენ ბიზნესები

მერი ტაბატაძე