„ფასი 13 ათასიდან 180 ათას დოლარამდე მერყეობს“ - როგორია მოთხოვნა ჩინურ ელექტრომობილებზე

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იზრდება. წელს შვიდ თვეში ქვეყანაში უკვე 2 293 ელექტრომობილი შემოვიდა. იმპორტი კი ძირითადად აშშ-დან და ჩინეთიდან ხორციელდება.

ჩინეთიდან ელექტრომობილები რამდენიმე ქვეყანას შემოჰყავს. ერთ-ერთია „სოლარ ავტო“, რომელმაც წელს ჩინეთიდან ჯერჯერობით მხოლოდ 49 ელექტრომობილი შემოიყვანა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანიის დირექტორმა ტატო მიროტაძემ განაცხადა, ჩინური ელექტრომობილების ფასი 13 ათასი დოლარიდან 180 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მისი თქმით, მოთხოვნა თითქმის ყველა კატეგორიის ჩინურ ელექტრომობილზე მზარდია.

„BYD-ის ჰყავს 30-ზე მეტი მოდელი. ჩვენთან წარმოდგენილია სხვადასხვა მოდელი, რომელთა ფასი 13 ათასი დოლარიდან 180 ათას დოლარამდე მერყეობს. მოთხოვნა გვაქვს თითქმის ყველა კატეგორიაში. ჩვენი პროგნოზით, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ვაპირებთ, რომ შემოვიყვანოთ უფრო მეტი ელექტრომობილი“, - აღნიშნა მიროტაძემ.

მისი თქმით, მომხმარებლებს საჭიროების შემთხვევაში სთავაზობენ სრულ სერვისსა და ელექტროდამტენებით მომსახურებას.

„გავცემთ საგარანტიოს შემდეგი პირობებით: 3 წელი - 100 000 ლარი, ვახორციელებთ სრულ სერვისს. ასევე, მომხმარებლებს ვთავაზობთ სწრაფი დამტენებით მომსახურებას. ქვეყნის მასშტაბით ვამონტაჟებთ სწრაფ დამტენებს. მომხმარებლებს შეუძლიათ ჩვენი აპლიკაციით ისარგებლონ და ელექტომობილები სწრაფად დატენონ“, - განაცხადა ტატო მიროტაძემ.

მისი თქმით, ამჟამად კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 4 სწრაფი ელექტროდამტენი აქვს დამონტაჟებული. „სოლარ ავტო“ წლის ბოლომდე სწრაფი დამტენების რაოდენობის 10-მდე გაზრდას გეგმავს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 52%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის შვიდ თვეში ქვეყანაში 29.1 მლნ დოლარის 1 023 ერთეული, ხოლო წელს იმავე პერიოდში კი 44.4 მლნ დოლარის 2 293 ერთეული ელექტრომობილი შემოვიდა.

იმპორტირებული ელექტრომობილებიდან 50% აშშ-ზე მოდის. წელს აშშ-დან 1 145 ერთეული ელექტრომანქანა შემოვიდა, ჯამში 19.06 მლნ დოლარის ღირებულების, ერთი ერთეულის საშუალო ფასმა კი 16 650 დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ჩინეთი - 491 ერთეული, 13.2 მლნ დოლარის ღირებულების, ერთეულის საშუალო ფასი 26 900 დოლარია.

მერი ტაბატაძე