"ოქროს ქვიშის საქმე" და გაუჩინარებული ნახევარი მილიონი

70-იანი წლების თბილისში, სწორედ "ცეხავიკების" გამო ერთმანეთს კრიმინალთა ორი ჯგუფი დაუპირისპირდა

გასული საუკუნის 70-იან წლებში, მაშინდელ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში საარაკო სიმშვიდე და დანარჩენი რესპუბლიკებისაგან განსხვავებით, მეტი თავისუფლებაც სუფევდა... თუმცაღა, ეს ყველაფერი იმის გამო იყო, რომ არნახულად ყვაოდა კორუფცია და ჩრდილოვანი ეკონომიკა. ამიტომაც, წესრიგის დარღვევა აღარავის აძლევდა ხელს - ყველა იცავდა თამაშის დადგენილ წესებს და ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზე იყო.

კორუფციის აღმავლობამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში დიდძალი ქონების დაგროვებას შეუწყო ხელი. ასე წარმოიშვა არალეგალურ საქმოსანთა ანუ ე.წ. "ცეხავიკთა" ფენა. "ცეხავიკებს" სახელმწიფო საწარმოებში მაღალი თანამდებობები ეკავათ და პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს არალეგალურად ასაღებდნენ, აღებულ ფულს კი თავადაც იდებდნენ ჯიბეში და უფროსებსაც უნაწილებდნენ. თუ ვინმეზე იტყოდნენ - გაყოფა კარგად იცისო, იგულისხმებოდა, რომ ქრთამის მიცემაზე არასოდეს ამბობდა უარს. ბუნებრივია, "ცეხავიკებს" ურთიერთობა ჰქონდათ დამნაშავეთა სამყაროსთანაც - სხვანაირად არც შეიძლებოდა, რადგან ჩრდილოვან ეკონომიკას მფარველობა უნდოდა და საბჭოთა კრიმინალები კარგად სარგებლობდნენ ამით: ყოველ "ცეხავიკს" თავისი მფარველი ანუ "კრიშა" ჰყავდა, ვინც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა და თვით ძალოვნებთანაც კი უგვარებდა საქმეს. ერთიც უნდა ითქვას - სწორედ "ცეხავიკები" და მათთან დაკავშირებული პრობლემები ხდებოდა ხოლმე კრიმინალთა დაპირისპირების მიზეზიც.

70-იანი წლების თბილისში, სწორედ "ცეხავიკების" გამოისობით დაუპირისპირდა ერთმანეთს კრიმინალთა ორი ჯგუფი. ორივეს ცნობილი ავტორიტეტები მეთაურობდნენ და თითოეული დიდი გავლენითაც გამოირჩეოდა საბჭოთა კრიმინალურ სამყაროში. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ მათ დაპირისპირებაში აქტიურად იყო ჩართული მილიციაც - ძალოვნები ხან ერთ ჯგუფს უჭერდნენ მხარს, ხანაც მეორეს და ამით თავის საქმეს აკეთებდნენ: კრიმინალებს ერთიმეორეს ანადგურებინებდნენ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თბილისის ერთ-ერთ განაპირა უბანში მდებარე სასაკლაოს დირექტორს, ვინმე ზარიძეს (გვარი შეცვლილია) კრიმინალმა, მეტსახელად "ლამაზომ" ფულის გამოძალვა დაუპირა. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ზარიძე მეტად სარფიან საქმეს ეწეოდა და ბლომად ფულსაც შოულობდა. სასაკლაოს დირექტორს "ლამაზო" ორ ამფსონთან ერთად ეწვია და "მშვიდი ცხოვრების" სანაცვლოდ ფულის გადახდა მოსთხოვა, თუმცა ზარიძე ჯაბანი არ აღმოჩნდა და დაუპატიჟებელ სტუმარს კარისკენ მიუთითა. "ლამაზო" წავიდა, მაგრამ ურჩ დირექტორს დაემუქრა, რომ ამას იქით პრობლემები შეექმნებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, ზარიძის ავტომანქანა, რომელიც მისსავე ეზოში იდგა, უცნობებმა ჯერ გაძარცვეს, მერე კი ააფეთქეს. სასაკლაოს დირექტორს ამის თაობაზე მილიციაში არ განუცხადებია, თუმცა ძალოვნები, ბუნებრივია, მაინც დაინტერესდნენ ამ ყველაფრით, ზარიძეც დაჰკითხეს; მან განაცხადა, რომ მტრები არ ჰყავდა და ვერც იმას იტყოდა, ვინ აუფეთქა მანქანა. მილიციამ საქმის გამოძიება მაინც გააგრძელა, ხოლო ზარიძემ შურის საძიებლად თავის მფარველს - კანონიერ ქურდ "ჭაღარა ვანოს" მიმართა. ამ უკანასკნელმაც აღუთქვა, რომ "ლამაზოს" იპოვიდა და ყველაფერს ცხვირში ძმრად ამოადენდა. სასაკლაოს დირექტორმა საქმიანობა მშვიდად განაგრძო; მილიციამ მისი მანქანის ამფეთქებლის ვინაობა ვერ გაარკვია და საქმე დახურა. ასე და ამგვარად, თითქოს ყველაფერი მიჩუმათდა.

კარგა ხნის შემდეგ, კრიმინალური ავტორიტეტი "ჭაღარა ვანო" თავისსავე სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს. სასაკლაოს დირექტორ ზარიძეს კი ვიღაც უცნობმა ტელეფონით დაურეკა და დაემუქრა, რომ თუ მითითებულ ადგილას ნახევარ მილიონ მანეთს არ მიიტანდა, ოჯახს ამოუწყვეტდნენ. ზარიძე შეშფოთდა, მილიციას კი მაინც არაფერი შეატყობინა, რადგან ჩავარდნის ეშინოდა. მან სცადა, კრიმინალების დახმარებით მოეგვარებინა საქმე და ყველაფერი "ჭაღარა ვანოს" ხალხს აცნობა. თან ისიც დაამატა, რომ ამ ყველაფრის უკან "ლამაზო" უნდა მდგარიყო. ქურდებმა ზარიძე დაამშვიდეს, თუმცა სახლში მისულს კინაღამ ინფარქტმა დაარტყა - მეუღლემ უთხრა, რომ მისი არყოფნის დროს, გამომძალველებს ისევ დაერეკათ და ქალსაც ყველაფერი მილიციისთვის ეცნობებინა. ამგვარად, ზარიძეს ძალოვანებთანაც პრობლემები შეექმნა და ქურდებთანაც - ეს უკანასკნელნი, რა თქმა უნდა, დიდად გააღიზიანა იმან, რომ დირექტორის მეუღლემ ენაზე კბილის დაჭერა ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, კრიმინალებმა "ლამაზოს" ძებნა მაინც დაიწყეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ის ვორკუტის ერთ-ერთ ზონაში იხდიდა სასჯელს და მომხდართან არავითარი კავშირი თითქოს არ უნდა ჰქონოდა. "ლამაზომ" ქურდულ შეკრებაზე ადვილად გაიმართლა თავი, მილიციას კი განუცხადა - ზარიძეს კი ვემუქრებოდი, მაგრამ როცა მისი მანქანა ააფეთქეს, უკვე დაჭერილი ვიყავი და არ ვიცი, ეს ვინ ჩაიდინაო.

გამოძიება, რომელსაც გამოცდილი გამომძიებელი, ვინმე ბარჯაძე (გვარი აქაც შეცვლილია) წარმართავდა, ჩიხში შევიდა. ამავდროულად, გამომძალველმა ზარიძეს ანალოგიური მოთხოვნით, ისევ დაურეკა: "არც ქურდების მეშინია და არც მილიციის... ისიც ვიცი, რომ სოლიდურ თანხას მიწაში ჩაფლულს ინახავ. ნუ იძუნწებ - მომეცი ნახევარი მილიონი და მშვიდი ცხოვრება განაგრძე" - გაიგონა დირექტორმა ყურმილის მეორე მხრიდან. მის ტელეფონს ძალოვნები უკვე უსმენდნენ და მცირე ხანში, მთელი საუბრის ჩანაწერი ბარჯაძის ხელთ იყო. გამომძიებელმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ გამომძალველს აშკარად არაქართული, უცხო აქცენტი ჰქონდა, თუმცაღა ქართულად კი უშეცდომოდ საუბრობდა.

გამომძიებელმა ბარჯაძემ სასაკლაოს დირექტორს ურჩია, დაჰყოლოდა ბრძანებას და მითითებულ ადგილას მართლაც მიეტანა თანხა, რომელსაც მილიცია მიაწვდიდა: "ჩვენ საერთოდ არც კი გამოვჩნდებით, მაგრამ კუპიურები საგანგებოდ დამუშავებული იქნება და სწორედ მათი მეშვეობით მივაგნებთ გამომძალველს" - უთხრა ზარიძეს და დაამშვიდა კიდევაც - ყველაფერი კარგად იქნებაო. სასაკლაოს დირექტორი, რომელიც ძალზე შეშინებული იყო, უყოყმანოდ დათანხმდა, მაგრამ ყველაფერი ქურდებს აცნობა. რაღა თქმა უნდა, ამან დაგეგმილი ოპერაცია ჩაშალა: მილიციის აგენტებმა, რომლებიც ფულის გადაცემის ადგილს შეუმჩნევლად უთვალთვალებდნენ, სწორედ კრიმინალები მიიჩნიეს გამომძალველებად და ისინი მანამდე დააკავეს, სანამ ფულს აიღებდნენ. არადა, ეს ხალხიც სწორედ გამომძალველს უთვალთვალებდა, მაგრამ შესაბამისი წესები ვერ დაიცვეს და აგენტებმა იოლად შეამჩნიეს. თავის მხრივ კი, აგენტებიც კრიმინალებმა გამომძალველებად მიიჩნიეს და ცეცხლი გაუხსნეს. ხანმოკლე შეხლა-შემოხლის მერე მილიციამ ყველა კრიმინალი აიყვანა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფული ვიღაცას წაეღო.

გამომძიებელმა ბარჯაძემ მიიჩნია, რომ აყვანილი კრიმინალები გამომძალველის ამფსონები იყვნენ და აქედან გამომდინარე, ვერ მიხვდა, რომ სინამდვილეში ოპერაცია ჩაეშალა. დაკავებულები კი აცხადებდნენ, ზარიძეს ჩვენთაგან არავინ დამუქრებია და მან თავადვე გვთხოვა, დავხმარებოდითო, მაგრამ გამოძიებას დასაწყისში ეს ჩვენება არ გაუზიარებია. გამომძიებელ ბარჯაძეს ეგონა, რომ ფული (რომელიც ქიმიურად იყო დამუშავებული) ჯგუფის სხვა წევრმა აიღო და მიიმალა. სწორედ ამ წევრის სახელის გათქმას სთხოვდა ახლა იგი დაკავებულებს, ისინი კი, ბუნებრივია, ვერც ვერაფერს ამბობდნენ. მოკლედ, საქმე კიდევ ერთხელ შევიდა ჩიხში, თუმცა გამომძიებელმა ბარჯაძემ ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა: იგი სასაკლაოს დირექტორ ზარიძის საქმიანობით ანუ როგორც დღეს იტყოდნენ - ბიზნესით დაინტერესდა და საიდუმლოდ შეაგროვა მის შესახებ ცნობები. ერთი შეხედვით, ზარიძე მნიშვნელოვანს არაფერს აკეთებდა - მას საქართველოში სომხეთის ლორეს რაიონიდან შემოჰყავდა პირუტყვი, აქ კლავდა და ხორცად ყიდდა. მიუხედავად ამისა, დირექტორი მდიდრულად ცხოვრობდა და სამი შინამოსამსახურე ჰყავდა; ერთი აგარაკი წყნეთში ჰქონდა, მეორე - გაგრაში და იმ დროის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, არაფერი აკლდა. ბუნებრივია, სასაკლაოზე მუშაობით, თუნდაც არალეგალურად, ზარიძე ამდენ ქონებას ვერ დააგროვებდა.

იხილეთ გაგრძელება