„ნუში შესაძლოა, გაიაფდეს“ - ასოციაცია მოსავლის 3000 ტონამდე ზრდას ელოდება

„ნუშის მოსავლის ზრდას ველოდებით“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლევან ქვარიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს ნაჭუჭიანი ნუშის მოსავლის 3000 ტონამდე ზრდაა მოსალოდნელი, ეს კი მაშინ, როცა გასულ წელს 2000 ტონა მოსავალი აიღეს.

„წელს ნუშის მოსავლის ზრდას ველოდებით, შესაძლებელია უკვე, რომ 3000 ტონამდე მოსავალი გვქონდეს. ზრდა განპირობებულია იმით, რომ ბაღები, რომლებიც ბოლო წლებში შენდება, მსხმოიარობაში შედის და წლიდან წლამდე ხშირად ორმაგდება კიდეც მოსავალი. მომავალი რამდენიმე წელი მაღალი ზრდა გვექნება“, - აცხადებს ქვარიანი.

მანვე აღნიშნა, რომ ნუშის გამოსავლიანობა 30%-ს შეადგენს და 2000 ტონა ნაჭუჭიანი პროდუქტიდან ნუშის გული 600 ტონამდეა. ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული მოსავალი მცირეა და ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებენ.

„მოთხოვნას სრულად ვერ ვაკმაყოფილებთ. საქართველო დამოკიდებულია იმპორტირებულ ნუშზე. დიდი მომხმარებელი არც ვყოფილვართ, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ იმპორტირებული ნუშის მოცულობა დიდია. შარშან დიდი მოსავალი არ იყო, ნუში ადგილზე გაიყიდა სრულად.

ქართველმა მეწარმეებმა როდესაც დაიწყეს ადგილზე გაყიდვა, ზოგმა სუპერმაკეტებში შეიტანა, ზოგმა ბაზრობაზე გაიტანა - ამან გამოიწვია ფასების შემცირება. თუ 5 წლის წინ 1 კგ-ის ფასი 60-80 ლარიც იყო, შარშან შესაძლებელი იყო უკვე ღია ბაზრებზე 25 ლარად გეყიდა ქართული ნუში, სუპერმარკეტებში კი 30-35 ლარზე ჩამოვიდა ფასი. წელს უფრო მეტი მოსავალი იქნება და ფასები შესაძლებელია კიდევ უფრო შემცირდეს“, - განაცხადა ლევან ქვარიანმა.

ასოციაციის ცნობით, საქართველოში ამჟამად ნუშის ბაღები 6000 ჰექტარზეა გაშენებული, საიდანაც უდიდესი ნაწილი ახალი ბაღებია.

იხილეთ ასევე: ქართული ნუშის ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა

მერი ტაბატაძე