საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინაგრო" დააჯარიმა. სებ-ის ინფორმაციით, მისო-ს დაჯარიმება ორი დარღვევის გამო მოხდა.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო - „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ - 4,000 (ოთხი ათასი) ლარი;
საერთო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 4,000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.
"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინაგრო" 2007 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის მიერ დაფუძნდა. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა მიკრო სესხების გაცემაა. ორგანიზაციის აქციების 100% წილის მფლობელია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი. მისო-ს გენერალური დირექტორი არის ალექსი ახალბედაშვილი.
აღსანიშნავია, მიმდინარე წელს ეროვნული ბანკმა, სხვადასხვა დარღვევებისთვის, ჯამში 14 საფინანსო ინსტიტუტი დააჯარიმა, ამათგან 9 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ერთი - ბანკი, 2 - საგადასახადო მომსახურების პროვაიდერი, 2 კი საბროკერო კომპანიაა.
ცნობისათვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის და აღკვეთის მიზნით ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირები ვალდებულები არიან დანერგონ შიდა კონტროლის პოლიტიკა, სისტემები და მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შესაბმისად, სებ-მა უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.