აბასთუმანში ელექტრომობილების დამტენების შესყიდვისთვის გამოცხადებული 3.1-მილიონიანი ტენდერი არ შედგა

აბასთუმანში ელექტრომობილების დამტენების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. სამუშაოების შესრულების სურვილი არცერთ პრეტენდენტს არ გამოუხატავს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3.1 მილიონ ლარს აჭარბებდა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აბასთუმანში, ეკოლოგიურად სუფთა კურორტის შენარჩუნების მიზნით ხეობაში უნდა განხორციელებულიყო შიდა წვის ძრავიანი ტრანსპორტის შეზღუდვა ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილების სასარგებლოდ.

დოკუმენტების თანახმად, საკონსულტაციო კომპანია EPTISA-ს აბასთუმანში ტურიზმის განვითარების 20 წლიანი პერსპექტივის ჭრილში ელექტროდამტენების საჭირო რაოდენობა წარმოადგინა. კერძოდ, კვლევა მოიაზრებს 100 EV დამტენის მონტაჟს, სადაც 19 დამტენი უშუალოდ დაბა აბასთუმნის ცენტრში უნდა მოეწყოს.

ცნობისთვის, აბასთუმანში შიდაწვის ძრავიანი ტრანსპორტის შეზღუდვის განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდი 738 მანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს აშენებს.

შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის ტურისტული განვითარების პროგრამა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2025 წლის ზაფხულის სეზონზე აბასთუმანმა შიდა და საერთაშორისო დამსვენებლებს უნდა უმასპინძლოს. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ 2025 წლისთვის აბასთუმნის კურორტს შეემატება 12 ახალი სასტუმრო 1 200 ნომრით. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულის შედეგად 2000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ამასთან, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ bpn-ისთვის მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, აბასთუმნის განვითარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტები 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 101 716 954 ლარია, საიდანაც 69 556 893 ლარი უკვე გადახდილია.

მერი ტაბატაძე