სულ ახლახან ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.
აპლიკაციაში ჩაშენებულია წიგნის შეძენის ველი, ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა და აუდიო წიგნები. ეს გახლავთ უნიკალური მულტიფუნქციური შეთავაზება ქართულ ბაზარზე, რომელიც წიგნს კიდევ უფრო ფართოდ ხელმისაწვდომს გახდის. მისი საშუალებით, მკითხველებს საყვარელი გამოცემების ელექტრონული თუ აუდიო ვერსია მუდმივად თან ექნებათ და მათ წაკითხვასა თუ მოსმენას ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილზე შეძლებენ.
აპლიკაციის შექმნის ისტორიასა და მის ფუნქციონალზე „პალიტრა ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, მარიამ გიორგაძეს ვესაუბრეთ.
რატომ გადაწყდა აპლიკაციის გაკეთება? რა იყო თქვენი მთავარი მიზანი, როდესაც მასზე მუშაობა დაიწყეთ?
გამომცემლობა „პალიტრა L“ ყოველთვის ცდილობს სიახლეები შესთავაზოს მომხმარებლებსა და ერთგულ მკითხველებს. შესაბამისად, ფეხს ვუწყობთ ცხოვრების თანამედროვე სტილსა და ტენდენციებს. დღეს ყველაფერი გამარტივებულად მუშაობს. ადამიანებს ბევრი თავისუფალი დრო აღარ აქვთ და ამიტომ მათი მთავარი მიზანი პროცესების სიმარტივეა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ჩვენი ორი დიდი პროექტი გამომცემლობის საიტი და გუდა ბუქსის აპლიკაცია გაგვეერთიანებინა. საბოლოოდ მივიღეთ აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს აუდიო, ელექტრონულ და ფიზიკურ წიგნებს. ეს არის მულტიფუნქციური აპლიკაცია, სადაც ყველა ტიპის წიგნს ნახავს და შეიძენს მსურველი.
უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ აპლიკაციის კონკრეტულ ფუნქციონალსა და შეთავაზებებზე. რატომ უნდა გავხდეთ მისი მომხმარებლები?
ერთ სივრცეში აუდიო, ელექტრო და ფიზიკური წიგნები დახვდება მომხმარებელს. ამ ეტაპზე აპლიკაციაში გაერთიანებულია 400-მდე აუდიო და 1000-მდე ელექტრონული წიგნი. მომხმარებლები აპლიკაციაში არა მხოლოდ შეძენას, არამედ წაკითხვასა და მოსმენას შეძლებენ. შესაბამისად, ეს არის საოცნებო მულტიფუნქციური სივრცე კითხვის მოყვარულებისთვის.
ამ ეტაპზე, აპლიკაციაში კონკრეტული შეთავაზებები მოქმედებებს. პირველ 100 მომხმარებელს ბალანსზე დაერიცხება 10 ლარი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერი წიგნის შესაძენად შეუძლიათ. ასევე, უფასო აუდიოწიგნები დახვდება ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც ახლა ჩამოტვირთავს აპლიკაციას. ექსკლუზიური ფასდაკლება მოქმედებს ყველა დროის ყველაზე მასშტაბურ ლიტერატურულ პროექტებზე ,,50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ და ,,კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. სერიის თითოეული წიგნი 10 ლარი ღირს.
რას გვეტყვით აპლიკაციის ინტერფეისზე? რამდენად მორგებულია ის მომხმარებელზე და მუშაობის პროცესში რამდენად დიდი ყურადღება დაეთმო ამ საკითხს?
ჩვენი ერთ-ერთი პირველი მიზანი სწორედ ის გახლდათ, რომ აპლიკაცია მომხმარებელზე ყოფილიყო მორგებული. მივყვებით იმ ტენდენციებს e-commerce მიმართულებით, რომელიც მსოფლიოში არსებობს. ამ ეტაპზე აპლიკაცია სატესტო რეჟიმში მუშაობს. პირველ 100 მომხმარებლისგან ველოდებით უკუკავშირს. მიღებული ინფორმაციის მიხედვით შევიტანთ ცვლილებებს აპლიკაციაში, მას კიდევ უფრო დავხვეწავთ.
როგორია აპლიკაციის განვითარების სამომავლო გეგმები?
ამჟამად აპლიკაციის მომზადების პირველი ეტაპი დასრულებულია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი ჩამოტვირთვა. მუშაობის მეორე ეტაპი დასრულდება ოქტომბრის ბოლოს. იგეგმება ახალი ფუნქციონალების დამატება, რაც მას მომხმარებელზე კიდევ უფრო მორგებულს გახდის.
შეგახსენებთ, რომ აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდ, ისე iOS სისტემაზე.
(R)