კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სს „თითიელ აშშ ჯგუფის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მოვაჭრეს სავაჭრო პოლიტიკაში გათვალისწინებული აქვს უსამართლო სტანდარტული პირობა. კერძოდ, იგი ყველა მომხმარებელს ავალდებულებს დამატებითი უსაფრთხოების მომსახურების გადასახდელის გადახდას. აღნიშნული გადასახდელით მოვაჭრე უზრუნველყოფს ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის, მის მიერ ამანათის დეკლარირებული თანხის ანაზღაურებას.
„განმცხადებელმა 2023 წლის აპრილში, ონლაინ სავაჭრო აპლიკაციიდან „Farfetch“ გამოიწერა ძვირადღირებული ნივთი (სამკაული), რომლის წონაც 1 კილოგრამი და 700 გრამი იყო. ტრანსპორტირების თანხამ შეადგინა არა მოვაჭრის მიერ გაცხადებული ტარიფის შესაბამისი თანხა (1 კილოგრამზე 9 ამერიკული დოლარი ანუ 40 ლარი), არამედ 316 ლარი“,- აღნიშნულია გადაწყვეტილების დოკუმენტში.
სააგენტოს გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს გაუწიოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის მომსახურება. მოცემულ შემთხვევაში მოვაჭრე კისრულობს ვალდებულებას მომხმარებელს ჩამოუტანოს ამანათი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ის მოვაჭრეს ჩაბარდა საზღვარგარეთ მდებარე მის ოფისში. ხოლო, თუ ტრანსპორტირებისას ამანათმა რაიმე დაზიანება მიიღო ან დაიკარგა, ეს იქნება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება. შესაბამისაად, მოვაჭრეა ვალდებული სრულად აიღოს პასუხისმგებლობა და გამოასწოროს ნაკლი. მოვაჭრის მიერ ნაკლის გამოსწორებისას მომხმარებელი არ არის ვალდებული გადაიხადოს რაიმე სახის მოსაკრებელი.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.