ქართულ მოცვს ევროპელების შემდეგ ადგილობრივი მომხმარებლები დააგემოვნებენ

კომპანია „ფარკონე“, რომელსაც უკვე 18 წელია, ევროპაში მშრალი ველური მოცვი ექსპორტზე გააქვს, ადგილობრივი ბაზრის ათვისებასაც გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, მამუკა ალფაიძემ bpn-ს განუცხადა, აქამდე პროდუქციას ექსპორტზე ნედლეულის სახით ყიდდა, ორი წლის წინ იაფი კრედიტის პროგრამის დახმარებით ახალი დასაფასოებელი საწარმოს მშენებლობა წამოიწყო, მთლიანი ინვესტიცია კი 300 ათასი დოლარი დაუჯდა. საწარმოო ხაზის მონტაჟი თითქმის დასრულებულია, მისი დახმარებით, პროდუქცია შეიფუთება და საქართველოს სავაჭრო ქსელებსა და აფთიაქებში გაიყიდება.

„ვფიქრობ, 50-200 გრამიან პაკეტებში დავაფასოვებთ, სავარაუდო მინიმალური ფასი კი 2 ლარი იქნება. მოცვი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ ვფიქრობთ, მოთხოვნა აუცილებლად იქნება“, - აღნიშნა ბიზნესმენმა. მისი თქმით, პირველ პროდუქციას ქართველი მომხმარებელი მოცვის სეზონის დაწყებისთანავე იხილავს.

„ფარკონე“ იმერეთში 1997 წელს დაფუძნდა, შარშან მისი ექსპორტის მოცულობამ 400-500 ათას დოლარს მიაღწია.

ბელა ნოზაძე