„ნუში აღარ ითვლება ფუფუნების პროდუქტად“ - რა ღირს ნუში ადგილობრივ ბაზარზე

„ნუში აღარ ითვლება ფუფუნების პროდუქტად“, - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსთან“ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, ლევან ქვარიანმა განაცხადა.

როგორც ასოციაციაში განმარტეს, წინა წლებში თუ ნუში მდიდრულ პროდუქტად ითვლებოდა და კილოგრამის ფასი 80 ლარსაც კი აღწევდა, წარმოების გაფართოებამ ამჟამად ფასების შემცირება გამოიწვია.

„შარშან დიდი მოსავალი არ იყო, ავიღეთ 2 000 ტონა ნაჭუჭიანი ნუში. ნუშის გამოსავლიანობა არის მხოლოდ 30%, რჩება სადღაც 600 ტონა გული. ეს დიდი მოცულობის არ არის და გასულ წელს სრულად გაიყიდა ადგილზე. გაიყიდა იმპორტირებული ნუშიც, მაგრამ შარშან კარგი ის მოხდა, რომ ქართველმა ფერმერებმა დაიწყეს ადგილზე გაყიდვა, ზოგმა სუპერმარკეტებში შეიტანა, ზოგმა ბაზრობაზე გაიტანა, რამაც გამოიწვია ფასების შემცირება.

თუ 5 წლის წინ ნუში მდიდრულ პროდუქტად ითვლებოდა და კილოგრამის ფასი 60-80 ლარიც იყო, შარშან შესაძლებელი იყო უკვე ღია ბაზრებზე 25 ლარად გეყიდა ქართული ნუში. სუპერმარკეტებში 30-35 ლარზე ჩამოვიდა ფასი. წელს კიდევ უფრო მეტი მოსავალი იქნება და ეს ფასები შესაძლებელია კიდევ უფრო შემცირდეს. სახეზე გვაქვს, რომ გაიაფებამ გამოიწვია ნუშიც მოხმარების ზრდაც. ნუში აღარ ითვლება ფუფუნების პროდუქტად, როგორც იყო ადრე, როცა ფასი 80 ლარს აღწევდა“, - განაცხადა ლევან ქვარიანმა.

მანვე დასძინა, რომ ასოციაცია წელს ნუშის მოსავლის 3000 ტონამდე გაზრდას ელოდება.

იხილეთ ასევე: ნუშის ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა

მერი ტაბატაძე