SpaceX-ი კოსმოსში ჩარჩენილ ასტრონავტებს 2025 წლის თებერვალში დააბრუნებს

SpaceX-ი კოსმოსში ჩარჩენილ NASA-ს ორ ასტრონავტს დედამიწაზე 2025 წლის თებერვალში დააბრუნებს, - ამის შესახებ BBC იტყობინება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 5 ივნისს ასტრონავტები, სუნიტა უილიამსი და ბარი ვილმორი, რვადღიანი მისიით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე(ISS) Boeing Starliner-ით გაემგზავრნენ. ხომალდს რიგი პრობლემები შეექმნა, მათ შორის გაჟონა ჰელიუმმა, რომელიც საწვავის უპრობლემოდ მიწოდებას უზრუნველყოფს. შედეგად ასტრონავტები კოსმოსში ჩარჩნენ და როგორც მედია წერს, 8 დღის ნაცვლად, დაახლოებით 8 თვეს გაატარებენ ადგილზე.

BBC წერს, რომ NASA-მ თავის დროზე Boeing-სა და SpaceX-ს კომერციული კოსმოსური ფრენების უზრუნველსაყოფად მილიარდი დოლარის კონტრაქტები გაუფორმა. უფრო კონკრეტულად, Boeing-მა 4.2 მილიარდი დოლარი, ხოლო ილონ მასკის მიერ დაარსებულმა SpaceX-მა 2.6 მილიარდი მიიღო.

ამასთანავე, გამოცემა წერს, რომ NASA-ს მისიების ფარგლებში SpaceX-მა ამ დრომდე ცხრა ეკიპაჟის კოსმოსური ფრენა და ზოგიერთი კომერციული მისია განახორციელა, თუმცა Boeing-ისთვის მისიაში მონაწილეობის პირველი მცდელობა იყო. BBC იუწყება, რომ Boeing Starliner-ს პრობლემები შეექმნა წინა ფრენების დროსაც, რომელიც ეკიპაჟის გარეშე განხორციელდა.

მერი ტაბატაძე