გაჩერებული, გაღარიბებული საქართველო არის ბიძინა ივანიშვილის ნიშა პოლიტიკაში, მაგრამ 26 ოქტომბერი არის დღე, როცა ჩვენ უნდა დავასრულოთ უძრაობის, მსოფლიო რუკიდან საქართველოს გაქრობის ხანა, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ედო ჯავახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გააჩერა.
„გაჩერებული, გაღარიბებული საქართველო არის ბიძინა ივანიშვილის ნიშა პოლიტიკაში. 12 წელია, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, რათა გაჩერებულიყო მნიშვნელოვანი პროექტები და საქართველო გამქრალიყო მსოფლიო რუკიდან. ეს მაშინ, როცა წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რათა აჭარა, ბათუმი, ყოფილიყო აღმშენებლობის სიმბოლო და ეს ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო საკრუიზო პორტი, სწორედ ამის სიმბოლოა. ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა და მის ნაცვლად გახსნა კაზინოები. ბიძინა ივანიშვილმა მოუკლა შესაძლებლობა აქ მცხოვრებ ადამიანებს, საკრუიზო პორტიდან მიეღოთ მნიშვნელოვანი შემოსავალი და კეთილდღეობა. მაგრამ 26 ოქტომბერი არის დღე, როცა ჩვენ უნდა დავასრულოთ უძრაობის, მსოფლიო რუკიდან საქართველოს გაქრობის ხანა. ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ ღირსეულად ვიყოთ წარმოდგენილი მსოფლიო პოლიტიკაში, ყველგან, სადაც საჭირო იქნება ქართველი ერის წინ წაწევა და მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფა. სწორედ ამის პირობას იძლევა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა". "ქართული ოცნების" ხელისუფლება, თავის უძრაობასთან, ბოროტებასთან და რუსულ ჭაობთან ერთად უნდა დასრულდეს", - განაცხადა ედო ჯავახიძემ ბათუმში, საკრუიზო პორტის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.