ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოს სანატორიუმი „სავანე“ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. სააგენტო სანატორიუმს 2 123 400 ლარად ყიდის. აუქციონი 20 სექტემბერს სრულდება.
რუსთაველის ქუჩა N19-ში მდებარე სანატორიუმის ტერიტორია მოიცავს 15 091 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ნაგებობებს.
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, სანატორიუმის შემსყიდველმა ხელშეკრულების დადებიდან 60 თვის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს. სასტუმრო უნდა მოიცავდეს საკონფერენციო დარბაზსა და რესტორანს.
აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად პრეტენდენტმა არანაკლებ 6 370 200 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ცნობისთვის, ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოს სანატორიუმები „იმერეთი“ და „რკინიგზელი“ ბოლო სამ თვეში გასაყიდად ორჯერ გამოიტანა და ვერც ერთხელ ვერ გაიყიდა.
შეგახსენებთ, წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა.
ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი გრძელდება.