დაკიდული ხიდები, კოტეჯები - რა ეტაპზეა ბირთვისის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები?

ბირთვისის ციხისა და კანიონის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

კერძოდ, სააგენტოს ცნობით, ბირთვისის ბუნების ძეგლის ნაწილზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლება 45 წლის ვადით 2021 წელს შპს „ეკო ტურმა“ მიიღო. სწორედ ეს კომპანია ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს, რისთვისაც არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ 2021 წლის 24 მარტს ჩატარებული ელექტრონული აუქციონის საფუძველზე 2021 წლის 8 აპრილს დადებული ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შპს ეკო ტურს 45 წლის ვადით გადაეცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში, ბირთვისის ბუნების ძეგლის ნაწილზე ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში, ბირთვისის ბუნების ძეგლის ნაწილის - 198 009 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ამლივში მდებარე 2636 კვ.მ და 4883 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) მართვის უფლება.

კომპანია, მიმდინარე ეტაპზე, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის მიხედვით, სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე (ბირთვისის ბუნების ძეგლის ნაწილი) ახორციელებს ტურისტული ინფრასტრუქტურის (კოტეჯები, დაკიდებული ხიდები, საფეხმავლო ბილიკი, საქანელა, კედელზე საცოცი ატრაქცია და კვების ობიექტი) და ასევე ბირთვისის ბუნების ძეგლამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოებს, რისთვისაც უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიცია,“- აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.

თაია არდოტელი