საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის მთლიანად და ის არის ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა დასაქმების და შესაბამისად, უმუშევრობის მონაცემები და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა.
„მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე, დაფიქსირდა 13,7 პროცენტი, შარშან ანალოგიურ პერიოდში უმუშევრობა შეადგენდა 16,7 პროცენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა 3 პროცენტული პუნქტით, რაც არის განსაკუთრებული პრიორიტეტი ჩვენთვის. დაქირავებულ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 19 100 ადამიანით, თვითდასაქმებულთა რაოდენობა - 41 300-ით. ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც არის მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგი.
საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის მთლიანად და ის არის ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით. წინა სამი წლის განმავლობაში ჩვენ საშუალო ეკონომიკური ზრდა გვქონდა 9,7 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ 9-პროცენტიან მაჩვენებელს და, ვფიქრობთ, წლის ბოლოს გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებელი ამ კუთხით. რა თქმა უნდა, სწორედ ეკონომიკური ზრდა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც იძლევა უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ზრდის საშუალებას. მეტი დასაქმებული ნიშნავს ბიუჯეტში შეტანილ მეტ გადასახადს, რაც მთავრობას მისცემს მეტი პროექტის განხორციელების, ასევე არსებული პროგრამების გაფართოების საშუალებას. მომავალშიც ეს დარჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.