პარლამენტი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს იწყებს.

საკანონმდებლო ინიციატივა დღეს, 15:00 საათზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილება. კომიტეტების სხდომები ქუთაისის პარლამენტშია ჩანიშნული.

კანონპროექტი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას და მის ცალკე სამსახურად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ცვლილებების ავტორები არიან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური და მისი მოადგილე ნოდარ ებანოიძე. როგორც ცნობილია, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საბანკო სექტორს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს უარყოფითი პოზიცია აქვს. მათი შეფასებით, მომზადებული კანონპროექტით ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა სუსტდება.