„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ახალგაზრდებს ანაზღაურებად სტაჟირებას და დასაქმებას სთავაზობს

ადგილობრივი ტალანტის განვითარების, ხელშეწყობის, საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort - აცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

მათი ცნობით, დაინტერესებულ პირებს პროგრამა შემდეგ რამეს სთავაზობს: საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის ოპერაციების სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას, სწავლების, განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს, თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს, მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში, Lean ბიზნეს სისტემის გაცნობის შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას, ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელს, საჭიროების შემთხვევაში.

„დაინტერესებულ პირებს აპლიკაციების გამოგზავნა 30 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ, ხოლო პროგრამა სექტემბერში დაიწყება. სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.

სასწავლო კურსის მანძილზე პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ნავსადგურს და სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობას, კომპანიის ხელმძღვანელობასთან გამართავენ დისკუსიებს, შეასრულებენ გუნდურ თუ ინდივიდუალურ დავალებებს, წარმოადგენენ პრეზენტაციებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათ განივითარონ კონკურენტული უნარ-ჩვევები, გუნდურობის შეგრძნება და უკეთ მოემზადონ შემდგომი კარიერული გამოწვევებისათვის.

ტალანტების მოზიდვისა და განვითარების ანაზღაურებადი პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება. კომპანიის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების ხელშეწყობაა. მსგავსი ინიციატივები სამომავლოდაც გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.