აფხაზეთში 200 მლნ კვტ/სთ-მდე ენერგოდეფიციტს პროგნოზირებენ

აფხაზეთში ენერგეტიკულმა დეფიციტმა მიმდინარე წლის ბოლომდე შესაძლოა, დაახლოებით, 200 მლნ კვტ/სთ შეადგინოს. ამის შესახებ „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმურ ჯინჯოლიამ აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

„დეფიციტი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, რაც, ჩვენი პროგნოზით, დაახლოებით, 200 მლნ კვტ/სთ-ს, ან შესაძლოა, ნაკლებსაც შეადგენდეს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება სეზონზე, კერძოდ, წვიმებსა და კაშხლის წყლის დონეზე. კომპენსირდება თუ არა ეს დეფიციტი მცოცავი გათიშვებით ან ახალი ნაკადით, ჯერ უცნობია,“ - აცხადებს ჯინჯოლია.

მისი მონაცემებით, დაერთებული ობიექტების დიდი რაოდენობის მიუხედავად, წელს ელექტროენერგიის მოხმარება, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 85 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდა. ამას ჯინჯოლია მოსახლეობისთვის მრიცხველების დამონტაჟებას უკავშირებს, რაც მევალეების დისტანციურად გათიშვის საშუალებას იძლევა.

ცნობისთვის: აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი ყველაზე ხშირად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოხმარების მკვეთრი ზრდის გამო ჩნდება, დენის გაზრდილი მოხმარების მიზეზად კი ცენტრალიზებული გათბობის სისტემის არარსებობა სახელდება. ამასთან, აფხაზეთის ერთადერთ მიმწოდებელ ენერგოსადგურზე, ენგურჰესის წყალსაცვში წყლის შედინება მცირდება და კაშხალში წყალი კრიტიკულ დონემდე ეცემა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ