დიდ დიღომში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონში, საბავშვო ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულას“ მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 000 000 ლარია.

„პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინვენტარი. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის გამწვანების მიმართულებაზე, რომლის ფარგლებში, არაერთი პროექტი მიმდინარეობს.

მისი თქმით, გლდანის VIII მ/რ-ში, N28, 29 და 33 კორპუსის მიმდებარედ, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.