227%-ით გაზრდილი ექსპორტი - 3 ქვეყანა, სადაც საქართველოდან ძვირფასი ლითონების მადნები გადის

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 227.3%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 1-ელ 7 თვეში საქართველოდან 117 243 200 აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები გავიდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 35 825 900 აშშ დოლარის.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში წელს, ადგილობრივ ექსპორტში პროდუქტების ათეულში ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები მე-3 პოზიციაზეა და მასზე მთელი ადგილობრივი ექსპორტის 7.4% მოდის.

რაც შეეხება ქვეყნებს, 7 თვეში ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტი სულ 3 ქვეყანაში განხორციელდა. ჩამონათვალში ლიდერობს ჩინეთი, სადაც 104 342 760 აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა; მას მოსდევს ბულგარეთი - 12 305 740 აშშ დოლარით და მესამე ადგილზეა შვეიცარია - 594 660 აშშ დოლარით.

თაია არდოტელი