რუსეთში დაბადებული ბიჭის გზა მილიარდერობამდე და სკანდალური დაკავება - ვინ არის პაველ დუროვი

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი მას შემდეგ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, რაც ცნობილი გახდა, რომ ის საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში დააკავა.

პარიზის პროკურატურამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მილიარდერი “კიბერდანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს“.

უწყების ცნობით, ის ეჭვმიტანილია ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური საქმიანობის ხელშეწყობაში, ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმაში და ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ნარკოტრაფიკთან, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში თანამონაწილეობაში.

საქმეს კიბერდანაშაულის ცენტრისა და თაღლითობის საწინააღმდეგო ეროვნული სამსახური იძიებს.

საფრანგეთის სამართალდამცავმა უწყებებმა გამოაქვეყნეს ბრალდებების სრული სია, რომლის საქმეზეც დუროვი დააკავეს და დაკითხეს. მასში რვა პუნქტია:

თანამონაწილეობა - ონლაინ პლატფორმის ოპერირება უკანონო გარიგების გასაადვილებლად

უარი უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნაზე, ინფორმაციის ან დოკუმენტების გამჟღავნებასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია კომუნიკაციებში კანონიერად ნებადართული ჩარევის განსახორციელებლად

თანამონაწილეობა - არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული სურათების ფლობა

ბავშვთა პორნოგრაფიის ორგანიზებული გავრცელება, შეთავაზება ან მიწოდება,

თანამონაწილეობა - ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა, შეთავაზება ან გადაცემა,

ფასილიტაცია - აღჭურვილობის, ხელსაწყოების, პროგრამების ან მონაცემების შეთავაზება, გადაცემა ან ხელმისაწვდომობა, იურიდიული საფუძვლის გარეშე, რომლებიც შექმნილია ან ადაპტირებულია მონაცემთა დამუშავების ავტომატური სისტემების მუშაობისთვის.

თანამონაწილეობა - თაღლითობა ორგანიზებული ბანდის შემადგენლობაში თანამონაწილეობა, დანაშაულებრივი შეთქმულება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩასადენად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლით ვადით.

ფულის გათეთრება ორგანიზებული დანაშაულისგან

რეზონანსულ საქმეს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა. მისი თქმით, "ტელეგრამის“ დამფუძნებლის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის.

იქამდე, Telegram-ის თანადამფუძნებელი მისსავე პლატფორმაზე ამტკიცებდა, რომ სპერმის დონაციის გზით, 12 ქვეყანაში 100-ზე მეტი შვილი შეეძინა.

”მე ახლახან გავიგე, რომ 100-ზე მეტი ბიოლოგიური შვილი მყავს. როგორ არის ეს შესაძლებელი მათთვის, ვინც არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და ამჯობინებს მარტო ცხოვრებას?” - დაწერა მილირდერმა “ტელეგრამარხზე“.

Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, 39 წლის სკანდალური პაველ დუროვი ამჟამად 15.5 მლრდ დოლარს ფლობს.

დაკავებამდე ის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში ცხოვრობდა. თუმცა ცნობილია, რომ საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს.

თუმცა, იქამდე რუსეთში დაბადებული დუროვი სამშობლოს მოქალაქობასაც ფლობდა, რაც მოგვიანებით დათმო.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას ოთხმაგი მოქალაქეობა: რუსეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კენძულ სენტ-კიტსისა და ნევისის და საფრანგეთის აქვს.

durov1-1724756478.jpg

ბავშვობა

პაველ დუროვი 1984 წლის 10 ოქტომბერს, რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში (მაშინ ჯერ კიდევ ლენინგრადში) დაიბადა.

ის ჩვეულებრივ, რიგით ოჯახში მშობლებთან - ვალერი დუროვთან და ალბიმა დუროვასთან ერთად იზრდებოდა. ჰყავს ძმა, ნიკოლაი დუროვი.

პაველი ნიჭიერ მოსწავლედ ითვლებოდა. მიღებული აქვს რუსეთის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის სტიპენდიები.

2006 წელს, 22 წლის ასაკში, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, „ფეისბუქით“ შთაგონებულმა, შექმნა რუსეთის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი - „ვკონტაქტე“.

2013 წელს მას კრემლთან დაკავშირებულ მეწილეებთან კონფლიქტი მოუვიდა. დუროვი აცხადებდა, რომ უარი უთხრა რუსეთის უშიშროებას უკრაინაში საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა პირადი მონაცემების გაცემაზე. სწორედ ამიტომ გაყიდა საკუთარი წილი და დატოვა ქვეყანა.

2014 წლის დასაწყისში დუროვი რუსეთიდან წავიდა. 2017 წლიდან ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. იქვეა მისი შექმნილი მეორე ციფრული გიგანტის, “ტელეგრამის“ სათავო ოფისიც.

პირადი ცხოვრება

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მას არასდროს უყვარდა პარტნიორებზე საუბარი. როგორც ცნობილია, არ ჰყავს ოფიციალური მეუღლე, თუმცა სოციალურ ქსელში ბევრს საუბრობენ 24 წლის რუსეთის მოქალაქე იულია ვავილოვაზე.

ვავილოვა მოსკოვიდან დუბაიში დაახლოებით ორი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად.

როგორც ცნობილია, ის ბლოგერი და კრიპტო ქოუჩია.

duriv2-1724756496.jpg

თეონა რამაზაშვილი