"რიკოთი-არგვეთას მონაკვეთი შეიძლება იყოს ფასიანი იმ შემთხვევაში, თუ იქნება ალტერნატიული გზები"

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთი შეიძლება იყოს ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ალტერნატიული გზები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთის დაფინანსების შესახებ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ნოდარ ხადურმა შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. "თქვენ იცით, რომ როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს გზების მშენებლობა და ამ ყველაზე რთულ მონაკვეთზე არის სერიოზული პრობლემები. ამიტომ განიხილება რამდენიმე ვარიანტი. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გზა მნიშვნელოვნად შეამოკლებს როგორც მანძილს ხაშურსა და ზესტაფონს შორის, ასევე - დროს. ამავე დროს, განიხილება სხვადასხვა ვარიანტი. მათ შორის, ვარიანტი იმის შესახებ, რომ გზა შეიძლება იყოს ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ალტერნატიული გზები. სხვა შემთხვევაში, ეს ვარიანტი არ განიხილება. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ როგორც მიღებულია მსოფლიოში, ფასიანი შეიძლება იყოს გზის მონაკვეთი, თუ მას გააჩნია შესაბამისი ალტერნატივები", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოხდეს და ამავე დროს დარჩეს ძველი გზა, რომელიც ასევე იქნება სათანადო დონეზე აღჭურვილი. "ამ ყველაფერზე გვექნება დღეს საუბარი. დაახლოებით მილიარდი-მილიარდ ასი მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისთვის, რომ უახლოეს ხანში საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილი ერთმანეთს ჩქაროსნული ავტომაგისტრალით შეუერთდეს", - განაცხადა ხადურმა.

შეხვედრას ფინანსთა მინისტრის გარდა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ესწრებიან.