უკრაინა უარს ამბობს რუსეთიდან გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმების გაგრძელებაზე

უკრაინა არ აპირებს რუსეთთან გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების განახლებას, რომელსაც ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება. ევროპის მოთხოვნის შემთხვევაში, იგი მზად არის განიხილოს გაზის ტრანზიტი სხვა მიმწოდებლებისგან მისი ტრანსპორტირების სისტემით - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„არავინ განაახლებს ხელშეკრულებას რუსეთთან, ამით მთავრდება გაზის ტრანზიტი. თუ ჩვენი ზოგიერთი ევროპელი კოლეგების მოთხოვნა გაგრძელდება, ჩვენ განვიხილავთ მათ თხოვნას“, - ციტირებს უკრაინული მედია ზელენსკის განცხადებას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ ბაქო მოლაპარაკებების პროცესშია რუსეთის ფედერაციასთან უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ და ევროკავშირმა აზერბაიჯანს დახმარება სთხოვეს რუსეთ-უკრაინის შეთანხმების გახანგრძლივების საკითხში, რომელსაც ვადა მიმდინარე წელს ეწურება.

ნათია ზარიძე