ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, რომელმაც 27 აგვისტოს კურსკის ატომური ელექტროსადგური (აეს) პირადად მოინახულა, მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო სადგურზე ბირთვული ინციდენტი არ გამორიცხა.
კერძოდ, გროსის შეფასებით, სადგური ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურის ანალოგიური ტიპის რეაქტორებზე მუშაობს, რომლებსაც, მსოფლიოში მრავალი სხვა რეაქტორისგან განსხვავებით, შემაკავებელი გარსი არ გააჩნიათ. ამდენად, შეკავების არარსებობის გამო რეაქტორის ბირთვი საარტილერიო ან საავიაციო დაბომბვის მიმართ მეტად დაუცველია. აღნიშნული რეაქტორის ბირთვზე გარკვეული გარე ზემოქმედების შემთხვევაში ბირთვული ინციდენტი მოხდება, რამაც შესაძლოა, რადიაციის გათავისუფლება გამოიწვიოს.
რა სიმძლავრისაა და როგორია კურსკის აეს-ის ისტორია
ატომური ელექტროსადგური კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვში, ქალაქ კურსკის დასავლეთით, 40 კმ-ში, მდინარე სეიმის ნაპირზე მდებარეობს. ის ორი მოქმედი ენერგობლოკისგან შედგება, რომელთა საერთო სიმძლავრე 2 გვტ-ია, ანუ თითოეულის 1,000 მგვტ-ს შეადგენს.
ატომური ელექტროსადგურის რესურსის ამოიწურვის შემდეგ მათ სიმძლავრეს კურსკის ატომური ელექტროსადგურ-2-ის ბლოკები შეცვლის.
კურსკის აეს-ი კონცერნ „როსენერგოატომის“ ფილიალია.
სადგურზე 5 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.
2021 წელს ელექტროენერგიის გამომუშავებამ 25,1 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა.
კურსკის აეს-ის მშენებლობა 1971 წელს დაიწყო. პირველი ენერგობლოკი 1976 წლის დეკემბერში, მეორე 1979 წელს, მესამე 1883 წელს, ხოლო მეოთხე ენერგობლოკი 1986 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. თუმცა 2021 წლის 19 დეკემბერს კურსკის აეს-ის პირველი ენერგობლოკი, ხოლო მიმდინარე წლის 31 იანვარს, მოსკოვის დროით დილის 4:01 საათზე მეორე ენერგობლოკი სამუდამოდ დაიხურა. მესამე ენერგობლოკის ექსპლუატაცია - 2033 წლამდე, ხოლო მეოთხესი 2035 წლამდე გრძელდება.
კურსკის აეს-ის ოთხი ენერგობლოკის სიმძლავრის შესაცვლელად 2012 წელს კურჩატოვის რაიონის სოფელ მაკაროვკაში მეორე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი შემუშავდა. ახალ სადგურსაც ოთხი ენერგობლოკი ექნება.
კურსკის აეს-2-ის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და პირველი ენერგობლოკის გაშვება 2025 წელს, ხოლო მეორესი 2027 წლისთვის იგეგმება. ორი ენერგობლოკის მშენებლობის ღირებულება, დაახლოებით, 350 მლრდ რუბლს (3,8 მლრდ დოლარს) შეადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ