დუბაიში ალბანელი ბიზნესმენი, ერლინდ ჩეკაი დააკავეს, რომელიც “ქოლცენტრების“ საქმეზე ცნობილი ბიზნესმენის, ამანტ იოსიფის ჯგუფის წევრია. თავად ამანტ იოსიფი მთელ მსოფლიოში ასობით ათასი მსხვერპლით 2,4 მლრდ ევროს ღირებულების თაღლითობის დიდი სქემის მონაწილეა და ალბანეთის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საკითხებში პირველი ინსტანციის სპეციალური სასამართლოს მიერ არის გასამართლებული.
ინფორმაციას ალბანური გამოცემა, Shqiptarja ავრცელებს.
ქსელით, ძირითადად, საქართველოში, უკრაინაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ალბანეთში და სხვა ქვეყნებში მოქმედი “ქოლცენტრები“ იმართებოდა.
კრიმინალურმა ქსელმა, სხვა თაღლითურ პლატფორმებთან თანამშრომლობით, როგორიც არის Absolut Global Markets, AurumPro, Finaxis და სხვ., ევროკავშირში ასობით ადამიანი მოატყუა, რამაც მათ მილიონობით ევროს ოდენობით ფინანსური ზარალი მიაყენა. გამოძიება, Eurojust-ის კოორდინაციით, 2021 წელს რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ესპანეთში, გერმანიაში, შვედეთში, ფინეთში, ლატვიაში, უკრაინაში, საქართველოსა და ალბანეთში დაიწყო.
ერლინდ ჩეკაი “ქოლცენტრების“ ბიზნესმენთა ჯგუფის კიდევ ერთი წევრია, რომელიც ალბანეთის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საკითხებში პირველი ინსტანციის სპეციალური სასამართლოს გამოძიების ქვეშ იმყოფებოდა. ის საერთაშორისო ძებნილ პირთა სიაში იყო, ხოლო მისი დაკავება ტირანისა და აბუ-დაბის ინტერპოლის თანამშრომლობის შედეგად მოხდა. ჩეკაი კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საკითხებში პირველმა ინსტანციის სასამართლომ 2023 წლის 18 ოქტომბრის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.
გერმანიის ხელისუფლების გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერლინდ ჩეკაი, ირისა პუკასთან, ენდრი ბულკუსთან და ადრიან კოროსთან ერთად, IT-კომპანია PumaTS/SMCompany-ის თაღლითური პლატფორმების უკან იდგა, რომელიც Milton Group-თან არის დაკავშირებული. ჯგუფმა მხოლოდ ბავარიელი გერმანელებისგან 6,1 მლნ ევროს გამოძალვა მოახერხა.
გერმანიის ხელისუფლებამ თაღლითური სავაჭრო პლატფორმების, Absolut Global Markets-ის, AurumPro-სა და Finaxis-ის მონიტორინგი დაივალდებულა. თუმცა, გერმანელების მტკიცებით, იგივე კრიმინალური ჯგუფი პასუხისმგებელია ბევრ სხვა სავაჭრო პლატფორმაზე, რომლებიც არსებითად იდენტურია და როგორიც არის SNP Broker, CapitalMarketsBanc, FXNobel, Cryptokartal, Centrobanc, GoldmanBank და TopTradePro. ტექნიკური მტკიცებულებების საფუძველზე გაირკვა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ათობით თაღლითურ პლატფორმას მართავდა.
ბავარიის ცენტრალური კიბეროფისის 67 სისხლის სამართლის ბრალდებით, AurumPro-ს, Fianxis-სა და AGMarkets-ის პლატფორმებზე მიყენებული ზიანი ჯამში 1,8 მლნ ევროს შეადგენს. CentroBanc-ის პლატფორმას 35 სისხლის სამართლის ბრალდება უკავშრდება, რომლის ზიანიც 1,7 მლნ ევროა. CapitalMarketsBanc-ის პლატფორმაზე მიღებული 40 საჩივარი 1,6 მლნ ევროს ზარალს უკავშირდება, ხოლო Cryptokartal პლატფორმის წინააღმდეგ 31 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომლის ჯამური ზარალი 1 მლნ ევროა.
ამასთან, გამოძიებით დგინდება, რომ ამანტ იოსიფის ჯგუფი დუბაიში იმალება. კერძოდ, თუ ერლინდ ჩეკაი 20 აგვისტოს დააკავეს, მისი ჯგუფის სხვა წევრი, მერჰან ჩელიკი თებერვალში, ასევე, დუბაიში დააკავეს. თავად ამანტ იოსიფიც 2023 წლის სექტემბერში დუბაიში იქნა დაკავებული, თუმცა ესპანეთმა ვერ შეძლო მისი ექსტრადირება საემიროების რთული პროცედურის გამო და რამდენიმე დღის შემდეგ ის გათავისუფლდა.
ცნობისთვის: დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი, ბიზნესმენი ამანტ იოსიფი, რომლის 2 მლნ ევროს ღირებულების ქონება დაყადაღებულია, 2020 წლამდე ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი იყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ