„პრობლემური რომ იქნება, ბუნებრივია - კურსკი გაცილებით ახლოს არის საქართველოსთან, ვიდრე ჩერნობილი“

კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ავარიის საფრთხე არსებობს. როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსმა განაცხადა, კურსკის ქარხნის ატომურ რეაქტორს, ბირთვული ობიექტების უმეტესობისგან განსხვავებით, არ აქვს დამცავი გუმბათი, რაც მის ბირთვს ძალიან დაუცველს ხდის საარტილერიო ან დრონით დარტყმების მიმართ.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ კურსკის სადგურში არის ზუსტად იგივე ტიპის რეაქტორები, როგორიც იყო ჩერნობილში, შესაბამისად, საომარი მოქმედებების პირობებში, ეს იყო სწორი მინიშნება, რომ ორივე ქვეყანამ სიფრთხილე გამოიჩინოს.

მისი თქმით, აქ საუბარი არ არის ჩერნობილის მასშტაბის კატასტროფაზე, რადგან იქ თავად რეაქტორი აფეთქდა და ურანი გარეთ გამოიფრქვა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, დიდ პრობლემას წარმოქმნის. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თავის დროზე, ჩერნობილიდან წამოსულმა დაბინძურებულმა ჰაერმა საქართველოშიც შემოაღწია, გია არაბიძე აცხადებს, რომ ამ კუთხით, კურსკი გაცილებით ახლოს არის.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კურსკის სადგურში არის ზუსტად იგივე ტიპის რეაქტორები (4 იყო, ახლა 2 გამოსულია ექსპლუატაციიდან), როგორიც იყო ჩერნობილში. ასეთი ტიპის სადგურებს დამცავი გარსი არ უკეთდება. ამიტომ იმის მინიშნება იყო, რომ ეს სადგური, როგორც ჩერნობილში არ ჰქონდა დამცავი გარსი, ასეთია და ბუნებრივია, საომარი მოქმედებები ქმნის გარკვეულ პრობლემას. როდესაც დამცავი გარსი კეთდება, მას თვითმფრინავი რომ დაეცეს, არ უნდა გაირღვეს, თუ გახსოვთ, 11 სექტემბრის ტერაქტის დროს, როგორ ჩამოინგრა ეს შენობა. ანუ, ისე მიმდინარეობს დამცავი გარსის მშენებლობა, რომ თვითმფრინავის, საავიაციო ბომბის მოხვედრის დროს, მან უნდა გაუძლოს და შიგნით არაფერი არ უნდა მოხვდეს. ეს ჰქონდა იმ კაცს მხედველობაში, რომ მიდის უთავბოლო სროლები და რა საშიშროება არსებობს. ეს ჩერნობილის მასშტაბის საშიშროება ვერ იქნება, გააჩნია რა მოხვდება და როგორ. ჩერნობილში მოხდა შიგნით, თვითონ რეაქტორი აფეთქდა და თუ რამე იყო გარეთ გამოიფრქვა. ბუნებრივია, თვითონ რეაქტორის აფეთქება, ძალიან ცუდი ვარიანტია, ამასთან, დღევანდელი ექსპლუატაციის პირობებიდან გამომდინარე, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ქარის მიმართულება. მაგალითად, ჩერნობილი რომ აფეთქდა, ძირითადად მაინც დასავლეთისკენ წავიდა, მაგრამ, ქარის მიმართულების გამო დაბინძურდა არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნები, რუსეთი, უკრაინა, არამედ, საქართველოც კი. ალბათ, გაქვთ ინფორმაცია, მაშინ აფხაზეთში, გურიაში იყო ძალიან სერიოზული წერტილოვანი დაბინძურება. ამიტომ, რა მიმართულებით იქნება ქარი და მსუბუქი ფრაქციები სად და როგორ წავა, ამაზეა დამოკიდებული.

ზუსტად რა და როგორ როგორ შეიძლება მოხდეს, ამის თქმა რთულია, პრობლემური რომ იქნება, ბუნებრივია. მე მაგალითად კატეგორიულად მოვითხოვდი, რომ რუსეთმა გააჩეროს სადგური. ყველაზე რეალური და კარგი ვარიანტი იქნებოდა. მისი ქსელიდან გამორთვა, დაკონსერვება, გაცილებით უსაფრთხო ვითარება იქნებოდა, შემთხვევითი პრობლემიდან გამომდინარე, თორემ დამიზნებით მას არც უკრაინა და არც რუსეთი არ დაბომბავს.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, რთული სათქმელია, მაგრამ კურსკი გაცილებით უფრო ახლოს არის საქართველოსთან, ვიდრე ჩერნობილი. ჩერნობილიდანაც მოაღწია დაბინძურებამ, ამიტომ თეორიულად იმის შანსი არის, რომ თუ რაღაც კატასტროფა მოხდა, ჩვენც დავზიანდეთ“,- ამბობს გია არაბიძე.

ნინი ქეთელაური